IX-X სს-ის ს.ქუნცის მაცხოვრის ეკლესიას ძეგლის სტატული მიენიჭა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ქუნცაში (აწყვიტას თემი) მდებარე მაცხოვრის სახელობის ეკლესიას 2017 წლის 30 ივნისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა (დღევანდელი მდგომარეობით – ორნავიანი ბაზილიკა). (12×8,5 მ). ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და კვადრებით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი არქიტრავითაა დასრულებული. აღმოსავლეთ კედელში ორი ვიწრო თაღოვანი სარკმელია. დასავლეთის და სამხრეთის კედლებში გაკეთებული სარკმლები XIX ს-ია გაჭრილი. ჩრდილოეთის ნავი ცენტრალურისგან განიერ სვეტზე გადაყვანილი ორი თაღითაა გამოყოფილი. ნავების ნახევარწრიული აბსიდები ჩაწერილია. ორივე აბსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ცენტრალური ნავის აბსიდაში გვერდებზე თითო მართკუთხა ნიშია. საკურთხევლებში ქვის ტრაპეზები დგას. ცენტრალური ნავის კონქი მხრებზე გადაყვანილ თაღს ეყრდნობა, დარბაზის კამარა კი – ორ-ორ კონსოლებზე დაბჯენილ შეკიდულ თაღს. ოდესღაც სამხრეთის ნავის არსებობას, სამხრეთის კედელში გაკეთებული თაღი მიუთითებს, რომელიც იმპოსტებს ეყრდნობა. თაღი XIX ს. ამოუშენებიათ. ტაძარი შიგნიდან შელესილი და შეთეთრებულია. ტაძრის მორთულობას მხოლოდ დასავლეთის კედელში ჩადგმული ორი ბოლნური ჯვრის გამოსახულება წარმოადგენს. ტაძარს გარშემოვლებული ქონდა ქვის გალავანი. ის ტაძრის დაზიანების შემდეგ აშენებულა, რადგან მასში ჩართული იყო ბალავრის ასომთავრულწარწერიანი ქვა, სარკმლის თაღი, და სხვა დეტალები. ტაძარი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ღირებული ძეგლია, რადგან, ის წარმოადგენს ჯავახეთის სამეკლესიანი ბაზილიკების ნიმუშს, რომელზეც ასახულია სხვადასხვა ეპოქებში გადაკეთების კვალი

Visited 197 times, 1 visit(s) today