NDI-ის „მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამის“ დასკვნით ღონისძიება გაიმართა

13/06/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალმა დეპუტატებმა: რიმა ბერაძემ, თამარ ტალიაშვილმა, ია მაკასარაშვილმა, ლია ჯახველაძემ, გულიკო ზუმბაძემ, სევდია უგრეხელიძემ და მარინა დათუკიშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) „მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამის“ დასკვნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
პროგრამა საქართველოში პირველად განხორციელდა და ის მიზნად საკრებულოს წევრი ქალების პროფესიული უნარების განვითარებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას ისახავდა.
2015-2017 წლების პროგრამაში ექვსი პარტნიორი მუნიციპალიტეტის (თბილისი, ახალციხე, ბათუმი, გურჯაანი, ქუთაისი და ზუგდიდი) საკრებულოს წევრი 20 ქალი იღებდა მონაწილეობას.
11-15 ივნისს პროგრამის ფარგლებში თბილისს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტი, ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრები და ორგანიზაციის სხვა მეგობრები ეწვივნენ. ვიზიტი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისა და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას, ქვეყნის მიღწევების, მიზნებისა და გამოწვევების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას, საქართველოში NDI-ის საქმიანობაზე დაკვირვებას და საქართველოსა და დასავლეთს შორის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმტკიცებას ისახავდა მიზნად.
დასკვნით ღონისძიებაზე, სადაც 2015-2017 წლების პროგრამის მიღწეული შედეგები შეაჯამეს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარემ მადლენ ოლბრაიტმა და აშშს სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელმა მონაწილე ქალ დეპუტატებს სერტიფიკატები გადასცეს.
ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ექვსი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრები, საქართველოს USAID-ის მისიისა და პარტიების ლიდერები, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები, NDI-ის პრეზიდენტი კენ ვოლაკი და დირექტორთა საბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0