Wizz Air მეოთხე ბაზირებულ ხომალდს დაამატებს და ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის იფრენს

28/04/2023

2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air საჰაერო ხომალდების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდის დამატების შესახებ გამართულ შეხვედრას, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები, ასევე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები, კვირაში ორი სიხშირით ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება. ამ დრომდე, საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობს. ასევე, მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში სიხშირეები გაიზრდება სხვადასხვა მიმართულებებზე და ზოგიერთი მიმართულება კვირაში 3 და 4 სიხშირით შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთი წლის განმავლობაში ერდროულად Wizz Air-ის ორი ბაზირებული ხომალდი დაიწყებს ოპერირებას. საქართველოდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება. 2023 წლის 1-ლი ივნისიდან ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან მესამე ბაზირებული ხომალდით დაიწყებს ოპერირებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით. 2023 წლის ბოლომდე კი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ევროპული მიმართულებების რაოდენობა 30 მდე გაიზრდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0