არ დაამტკიცეს ის სტრუქტურა, რომელშიც მხოლოდ დასათაურება იყო შეცვლილი

08/01/2018

ხმაური იყო თიანეთის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე – კამათი საშტატო ერთეულების განხილვას მოჰყვა, რომელიც საკრებულოში მუნიციპალიტეტის მერმა შეიტანა. როგორც აღმოჩნდა, დეპუტატები იხილავდნენ ერთ ვერსიას, რომელიც სახელფასო სარგოს 80 000 ლარით გაზრდას ითვალისწინებდა, თუმცა მერს ამ დროს შეტანილი ჰქონდა დოკუმენტის ახალი ვერსია, რომელიც პირიქით, ხარჯების შემცირებას გულისხმობდა. საბოლოოდ, „ქართულმა ოცნებამ“ არც ამ ბოლო ვერსიას დაუჭირა მხარი. როდის გაგრძელდება მსჯელობა, ჯერჯერობით უცნობია.
საშტატო განრიგი და შრომის ანაზღაურება თიანეთის 2018 წლის ბიუჯეტის ნაწილია. იმ შემთხვევაში, თუ ამ ვერსიასაც არ დაამტკიცებს საკრებულო, არ არის გამორიცხული თიანეთში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.

„ის ფაქტი, რომ ამას თვითონ არ უჭერენ მხარს, იმ ბიუჯეტს, რომელიც თვითონ შეადგინეს, ეს უკვე ყველაფერზე სცემს პასუხს. ასევე სტრუქტურას, არ დაამტკიცეს ის სტრუქტურა, რომელშიც მხოლოდ დასათაურება იყო შეცვლილი. გამგეობის მაგივრად ეწერა მერია და რომლითაც მუშაობდნენ წლების მანძილზე. მე მგონი, მაინც ეყოფა გონიერება ზოგიერთს, იგივე საკრებულოში, რომლებიც არ აპირებენ ჩაყვნენ სამარეში ზოგიერთ პოლიტიკურ მძორს,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0