ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფა 2018 წელსაც გაგრძელდება

12/12/2017

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამას 2018 წელსაც განახორციელებს. მიმდინარე წლის მსგავსად მომავალ წელს პროგრამის ბიუჯეტი – 3 000 000 ლარი იქნება. 2017 წელს კი სამინისტროს თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართი შეიძინა 111-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა. ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევმა შერეულმა სამთავრობო კომისიამ 2017 წლის პროგრამის ფარგლებში, დღეს, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული მაღალი პრიორიტეტულობის მქონე ოჯახების 2018 წლის პროგრამაში ჩართვისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების საკითხებზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს: ქედის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობა 13 ოჯახის, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობა 10 ოჯახის, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობების 7 ოჯახის, „ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში“ ჩართვის მიზნით. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება, თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. გასულ წელს პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართი 96-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0