ზურაბ პატარაძემ ურეხის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა

19/10/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად ურეხის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა.
მამია ვარშანიძის სახელობის პირველ ჩიხში N33 საბავშვო ბაღი 345 აღსაზრდელს მოემსახურება. მისი მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო. სამ სართულიანი შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. დამონტაჟებულია პანდუსები, ეზოში მოწყობილია 4 სათამაშო მოედანი, ატრაქციონები და საჩრდილობლები. ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი გამოიყო.
„ძალიან მიხარია, რომ სამას ბავშვზე გათვლილი ბაღი აშენდა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე სტანდარტებით. ეს ბაღი მოემსახურება არა მარტო ურეხის მოსახლეობას, არამედ მიმდებარე ტერიტორიებსაც და ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას,“ – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
აჭარაში სულ 112 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. 2013-2017 წლებში 42 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 37 ბაღს. შენდება 10 ახალი, ხოლო რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და გაფართოვდა 12 ბაღი. უახლოეს მომავალში ამ რიცხვს 6 ახალი ბაღი შეემატება.
კერძოდ ბათუმში 32 ბაღი ფუნქციონირებს. ბოლო წლებში აშენდა 6, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9-ს, ხოლო შენდება 1 ახალი ბაღი. ბათუმის ბაღებში 7510 ბავშვი დადის. წელს ამ რიცხვს 345 ბავშვი დაემატა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0