საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

30/11/2017

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს.
კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. მან კანონმდებლებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ცვლილება მიმდინარე წლის ბიუჯეტში საკმაოდ კარგმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია, რის შედეგადაც ბიუჯეტში ბოლო დროს შემოსავლების გადაჭარბებას აქვს ადგილი.
მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის წინა განხილვის შემდეგ ჯამურ პარამეტრებში ცვლილებები არ განხორციელებულა და იგივე პარამეტრებია წარმოდგენილი: საგადასახადო შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში იზრდება 160 მილიონი ლარის ოდენობით, გრანტების მაჩვენებელი – 46,7 მილიონი ლარით, ხოლო სესხების ნაწილი მცირდება 176,7 მილიონი ლარის ოდენობით.
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ აქ ჯამური ზრდა არის 305 მილიონი ლარი. მან დეპუტატებს მოკლედ გააცნო ინფორმაცია მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით დამატებითი ასიგნებების გადანაწილების თაობაზე: ეკონომიკის სამინისტროს ემატება 106 მლნ. ლარი; სოფლის მეურნეობის სამინისტროს – 65 მლნ. ლარი, მათ შორის ეს არის როგორც აზიური ფაროსანას, ასევე სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისთვის; ენერგეტიკის სამინისტროსთვის მატება 65 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის 50 მლნ ლარი არის გაზიფიცირების სამუშაოებისთვის, ხოლო 15 მლნ ლარი დონორების მიერ დასაფინანსებელი პროექტების თანადაფინანსების ნაწილში; სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შემთხვევაში მატება არის 10 მლნ ლარი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემთხვევაში – 30 მლნ ლარი და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანხას ემატება 14 მლნ. ლარი. შსს-ს ასევე 14 მლნ ლარი ემატება, დევნილთა და განსახლების სამინისტროს – 15 მლნ ლარი, საგარეო საქმეთა სამინისტროს – 5 მლნ ლარი.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, რაც შეეხება შემცირებებს, ცვლილებები ამ კუთხითაც იგივეა, რაც წინა წარმოდგენილ ვარიანტში იყო – საერთო სასამართლოებისთვის განსაზღვრული ასიგნებები მცირდება 10.0 მლნ ლარით. აღნიშნული თანხა გათვალისწინებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის ახალი შენობის მშენებლობისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, ხოლო შენობის მშენებლობა დაიწყება 2018 წელს. საშინაო ვალების მომსახურების ნაწილში კი პროცენტის თანხა მცირდება 9,9 მლნ ლარით.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი სახით კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0