არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრ-მა” გურიაში შეხვედრა გამართა

07/12/2017

„ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი“ ახორციელებს პროექტს „გურიის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციებისა და სოციალური მუშაკების როლის გაძლიერება ოჯახების მხარდაჭერის მიზნით.“
პროექტი მიზნად ისახავს ოჯახის გაძლიერების და ბავშვის ოჯახისგან დაშორების პრევენციის ხელშეწყობას საჭიროებებზე დაფუძნებული სერვისების მოდელის შემუშავებას, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და ინტერსექტორული თანამშრომლობის განვითარების გზით.
ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც დაესწრნენ გურიის რეგიონის სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, დღის ცენტრის პედაგოგები, არასამთავრობო ორგანიზაციის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე აღნიშნული პროექტის შესახებ ვრცლად ისაუბრეს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსმა ამირან დათეშიძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის დირექტორმა ნინო მირზიკაშვილმა. ადგილობრივი პროგრამები და გურიის რეგიონის პრიორიტეტები პრეზენტაციის სახით წარმოადგინა გურიის გუბერნატორის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ პროექტის „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (SWIC)“ ფარგლებში და ახორციელებს „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ჰილფსვერკ ავსტრია (HWA), სომხეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაცია(AASW), აზერბაიჯანის სოციალური მუშაობის საზოგადოებრივი კავშირი (ASWPU) და მოლდოვის რესპუბლიკის ექთნების ასოციაცია (NARM). პარტნიორი ორგანიზაციებია: ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0