ქალაქ ბორჯომში საზეიმოდ გაიხსნა სსიპ ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, რომლის სრული რეაბილიტაცია კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. გახსნის ცერემონიალს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მათ აღდგენილი თეატრის შენობა დაათვალიერეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ვებგვერდის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების ხუთივე თეატრის (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, ბორჯომი, გურჯაანი) საინფორმაციო ბაზებს აერთიანებს. ასევე, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი თეატრების გაერთიანებასა და „ბაზისბანკს“ შორის.
თეატრის გახსნისადმი მიძღვნილ საღამოზე წარმოდგენილი იყო ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლი „საქართველო“, რომლის ინსცენირება, რეჟისურა, სცენოგრაფია ნიკოლოზ საბაშვილის ეკუთვნის, მუსიკალური გაფორმების ავტორი კი თამაზ იმნაძეა. სპექტაკლი ხალხური სიმღერებისა და „სულიკოს“ ჰანგის თანხლებით გვიამბობს, როგორ გადიან ვირი და ყვავი შრომისა და ბრძოლის, ნგრევისა და შენების, სიკვდილისა და სიყვარულის გზას. დამპყრობლის ჩექმით გასრესილ „სულიკოს“ ანუ თეთრ პეპელას ყვავი ღრუბლებში ააფრენს და… „ვირი ხეზე ავა“ – ბოლოს და ბოლოს, მიხვდება, რომ მას მხოლოდ შეუძლებლის შეძლება აზიარებს ბედნიერებას, თავისუფლებასა და სიყვარულს.
ინფორმაციისთვის: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ 2022 წლის 1-ელ აპრილს გამოცემული ბრძანების საფუძველზე შეიქმნა თოჯინების თეატრების გაერთიანება. განხორციელდა თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაცია მათი გაერთიანების გზით. ახალ ორგანიზაციას სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება ეწოდა. ორგანიზაციას 2022 წლის 9 ნოემბერს სსიპ ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, 2023 წლის 3 იანვარს კი სსიპ ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი შეუერთდა.
რეფორმის მიზანია ამ სამი თეატრის მენეჯმენტის გაუმჯობესება, შემოქმედებითი საქმიანობის გამრავალფეროვნება და თეატრების ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდა. რეფორმის ფარგლებში დარგის განვითარების ერთ–ერთ პრიორიტეტად განისაზღვრა თბილისში, სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე, საამქროს შექმნა, რომელიც პროფესიონალი მეთოჯინეების კოორდინირებული მუშაობისთვის არის განკუთვნილი. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შედგა მოლაპარაკება უნივერსიტეტში მეთოჯინის სპეციალობის აღდგენასთან დაკავშირებით. ამავე დროს, თეატრთან იქმნება სასწავლო სახელოსნო, რაც შექმნის დარგით დაინტერესებული პირებისთვის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას. რეფორმა გულისხმობს თოჯინური ხელოვნებით დაინტერესებული რეჟისორებისთვის პროფესიული თვითგამოხატვისთვის შესაფერისი პირობების შექმნასაც. ამ მიზნით იგეგმება დაინტერესებული რეჟისორების თანამშრომლობა, რომლებიც სხვადასხვა ადგილზე ერთმანეთის მონაცვლეობით დადგამენ სპექტაკლებს.
ბორჯომში თოჯინების თეატრის განახლებული შენობა საზეიმოდ გაიხსნა
11/04/2023