გაერო-ს გენმდივანს ინფორმაცია მივაწოდეთ, იმ ანექსიურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი ახორციელებს

ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, საქართველოს კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა თავისი უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც აზიასა და ევროპას შორის ურთიერთობის, სავაჭრო გზებისა და თანამშრომლობის შემქმნელ და უზრუნველმყოფელ ქვეყანას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. გაერო-ს ეგიდით ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც მონაწილეობდა. ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრები გამართა ავღანეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტებთან. საქართველოს პრეზიდენტი ასევე გაერო-ს გენერალურ მდივან ბან კი-მუნს შეხვდა.

“გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით და გვესაუბრა ჩვენს პარტნიორ პრეზიდენტებთან. გამოვყოფდი ჩემს საუბარს ავღანეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტებთან. თურქმენეთთან ჩვენ, კიდევ ერთხელ განვიხილეთ ის გლობალური პროექტები, რომლებიც კასპიისა და შავ ზღვებს ერთმანეთთან აკავშირებს და ხსნის შესაძლებლობებს რეგიონების თანამშრომლობისათვის”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება გაერო-ს გენერალურ მდივანთან ბან კი-მუნთან შეხვედრას, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა და მივაწოდა ინფორმაცია გაერო-ს გენერალურ მდივანს, იმ ანექსიურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოსთან მიმართებაში; ასევე იმ ე.წ.ხელშეკრულებების თაობაზე, რომლებიც შარშან იყო დადებული ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან და იმ პოლიტიკის შესახებ, რომელიც ფაქტიურად, ოკუპაციას მცოცავად წინ სწევს.

“მე, კიდევ ერთხელ, მომეცა შესაძლებლობა მომესმინა გაერო-ს გენერალური მდივნისგან შეშფოთება და დაინტერესება ამ ისტორიული უსამართლობის თაობაზე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

Visited 101 times, 1 visit(s) today