თბილისის იუსტიციის სახლი დღეს მომხმარებელს საგანგებო რეჟიმში 22:00 საათამდე მიიღებს

იუსტიციის სახლი დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს და მომხმარებელს 22 საათამდე მიიღებს. მომხმარებლები, რომლებმაც არ გამოიყენეს შესაბამისი მომსახურების მისაღებად მიცემული ვადები და მხოლოდ დღეს მიმართეს იუსტიციის სახლს, რამაც იუსტიციის სახლში ნაკადების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განკარგულებით, მომსახურების მიღებას დღეს 22 საათამდე შეძლებენ.
იუსტიციის სახლი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

16:00 საათის მდგომარეობით, იუსტიციის სახლი უკვე მოემსახურა 7000-ზე მეტ მომხმარებელს, მათგან 2263 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისებზე – 2263 მომხმარებელს, ხოლო ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღების მიმართულებით – 753 მომხმარებელს. ამჟამად საჯარო რეესტრის სერვისების მიმართულებით რიგს კიდევ 2073 მომხმარებელი ელოდება. აღსანიშნავია, რომ რეკორდულია არა მარტო დღეს იუსტიციის სახლში მისული მომხმარებლის, არამედ ანალოგიურ დროში გაცემული სერვისების რაოდენობაც. იუსტიციის სახლი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში ცდილობს მომხმარებლის მომსახურებას და მუშაობას განაგრძობს მანამ, ვიდრე ყველა მათგანი არ მიიღებს სასურველ სერვისს.

გადაჭარბებული ნაკადები იუსტიციის სახლში ორი კონკრეტული სერვისითაა განპირობებული, რომელთა გაცემის ვადა პირველ ოქტომბრამდე იწურება.

როგორც ცნობილია, ყველა ის პირი, ვინც ახორციელებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია, შესაბამისი საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაარეგისტრიროს. რეგისტრაცია მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო (საქართველოს მთავრობის 27.07.2018; №381 დადგენილების ძალაში შესვლისთანავე) და 1-ლ ოქტომბრამდე გრძელდება.

1-ლ ოქტომბრამდე ეწურება ვადა, ასევე, სერვისს, რომელიც 21 აგვისტოდან თბილისის იუსტიციის სახლშიც გაიცემა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1 ოქტომბრიდან არალიცენზირებული ტაქსი დაჯარიმდება, თუმცა, ლიცენზიის გაცემა გაგრძელდება ისე, როგორც ამ დრომდე მიმდინარეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე სერვისი, მინიმუმ, თვეზე მეტია, მშვიდ ვითარებაში გაიცემა, ვინაიდან 1-ლ ოქტომბრამდე სრულდება მათი გაცემის ვადები, მომხმარებლის დიდმა უმრავლესობამ იუსტიციის სახლს სწორედ სერვისის გაცემის ბოლო დღეს მიმართა.

იუსტიციის სახლი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მომხმარებლის ნაკადი მართოს, თუმცა, რეკორდული ოდენობის გამო, ცხადია, მომსახურების დრო საგრძნობლად გაზრდილია.
იუსტიციის სახლი სთხოვს მომხმარებელს სიმშვიდესა და თანამშრომლობას, რადგან როგორც იუსტიციის სახლის პერსონალი, ისე მომხმარებელი არაორდინარულ ვითარებაში იმყოფება. იუსტიციის სახლი ყველაფერს იღონებს, რომ არცერთ მომხმარებელს პრობლემა არ შეექმნას.

Visited 124 times, 1 visit(s) today