თბილისის მუნიციპალიტეტისა და კომპანიის ,,GWP’’ წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ კომპანიამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, თბილისის საკრებულომ და დედაქალაქის მერიამ მოსახლეობას ერთობლივი ანგარიში წარუდგინეს.
კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გენერალურმა დირექტორმა – გიორგი ცხადაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ – გოჩა ბაბუნაშვილმა და თბილისის მერის მოადგილემ – ირაკლი ლექვინაძემ პრესკონფერენცია „ანგარიში თბილისის“ პროექტის ფარგლებში გამართეს და თბილისის მუნიციპალიტეტისა და აღნიშნული კომპანიის ერთობლივ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს.
პრესკონფერენციაზე, სადაც კომპანიის მიერ 2016 წლის შესრულებული ჯამური ინვესტიცია და 2017 წლის საინვესტიციო პროექტები იყო წარმოდგენილი, გიორგი ცხადაძემ 2017 წელს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ასევე ენერგეტიკულ პროექტებში გაორმაგებული, 142.8 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელების თაობაზე გააკეთა განცხადება.
როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2017 წელს ახალი ჰიდროელექტროსადგურის – ბოდორნაჰესის მშენებლობას და გარდაბნის ნაგებობის რეაბილიტაციასაც გეგმავს.
გოჩა ბაბუნაშვილმა შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თბილისის მუნიციპალიტეტისა და კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობასა გაუსვა ხაზი.
ერთობლივ ანგარიშს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, ცენტრალური ხელისუფლების, თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, სემეკის წევრები, ბიზნეს-ომბუცმენი და ექსპერტ- ანალიტიკოსები ესწრებოდნენ.

Visited 174 times, 1 visit(s) today