ინკლუზიური განათლების ტრენინგი დაიწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრის ინფორმაციით, ინკლუზიური განათლების ტრენინგები დაიწყო. ტრენინგები განკუთვნილია საჯარო სკოლის პედაგოგების, სპეციალური პედაგოგების, ინკლუზიური განათლების კოორდინატორების, ფსიქოლოგების, მეტყველების თერაპევტების, სკოლის ადმინისტრაციისა და ნებისმიერი სხვა სპეციალისტისთვის, რომლის პროფესიული საქმიანობაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებას უკავშირდება. 20-საათიანი ტრენინგ-კურსი მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო კლასში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინტეგრაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და მეთოდური ცოდნის გადაცემას ზემოთ აღნიშნული სპეციალისტებისთვის.
“ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სსსმ მოსწავლის პედაგოგიური შეფასება; სწავლების ეფექტური სტრატეგიები; საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა და მასალის ადაპტაცია; ინდივიდუალური სასწავლო გეგმა; ინკლუზიური განათლების ფილოსოფია; კლასის მართვა; რთული ქცევის მენეჯმენტი; განვითარება და განვითარების დარღვევები. აღნიშნულ თემების განხილვის პარალელურად ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან პრაქტიკულ მაგალითებს”, – ნათქვამია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ტრენინგ-კურსი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება და მასში 1500-მდე მონაწილე იქნება. მონაწილეები ტესტირებისა და პრაქტიკული დავალების საფუძველზე შეფასდებიან.

Visited 120 times, 1 visit(s) today