მიხეილ სარჯველაძემ საერთაშორისო ბიზნესფორუმი გახსნა

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ საერთაშორისო ბიზნესფორუმი გახსნა. მინისტრის მოადგილემ „BIA“-ს (Business Information Agency) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ბიზნესფორუმის მონაწილეებს დავების ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის მოადგილემ საქართველოს სარბიტრაჟო ჰაბად გადაქცევის პოტენციალზე ისაუბრა. ფორუმს ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო დელეგატები მენეჯმენტის სხვადასხვა რგოლიდან. მათ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების დადებით მხარეებთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობას აქვს გეგმა, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონის ბიზნეს- და საარბიტრაჟო ჰაბად. მისი მიზანია, საქართველოს, როგორც ნეიტრალური, გამჭვირვალე, ბიზნესზე მორგებული და სტაბილური ბიზნესცენტრის, იმიჯის განმტკიცება რეგიონში. საქართველოში მარტივია შემოსვლა, დაფუძნება და საქმიანობა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, წელს საქართველომ ბიზნესის დაფუძნების თვალსაზრისით რეიტინგში − მე-2, ხოლო ბიზნესის განხორციელების სიმარტივის მხრივ მე-6 ადგილი მოიპოვა.
უკანასკნელ წლებში ბევრი რამ გაკეთდა საქართველოში არბიტრაჟის განვითარებისთვის: კანონმდებლობა სრულ თანხვედრაშია „UNCITRAL“-ის მოდელურ კანონსა და საუკეთესო საერთაშორისო და დასავლურ პრაქტიკასთან; 2018 წლის 20 დეკემბერს იუსტიციის სამინისტრომ საერთაშორისო კომერციული პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან (ICC − Iinternational Court of Arbitration) ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმის მიხედვით, მხარეები შეისწავლიან დავების გადაწყვეტის ბაზარს რეგიონში და მიმართავენ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს, როგორც საერთაშორისო არბიტრაჟის, რეგიონული ჰაბის განვითარებას.
ორდღიან საერთაშორისო ბიზნესფორუმზე პანელი „დავების ალტერნატიული გადაწყვეტა საქართველოში“ ჩატარდა ევროკავშირის და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით − „მედიაცია და არბიტრაჟი − დავების ეფექტიანი გადაწყვეტა“. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს კომერციულ დავებში არბიტრაჟისა და მედიაციის გამოყენების გაზრდასა და შესაბამისი ინსტიტუტების შესაძლებლობების განვითარებას.

Visited 80 times, 1 visit(s) today