როგორც კი საპარლამენტო არჩევნების დანიშვის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება გამოქვეყნდება, ჩვენ ყველა იმ პრივილეგიის გამოყენებას ვაპირებთ, რასაც საარჩევნო კანონი გვანიჭებს – არ ვაპირებთ დაველოდოთ 8 აგვისტოს, – ამის შესახებ prof-news-ს “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ლევან თარხნიშვილმა განუცხადა.
თარხნიშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანია ზუსტად მაშინ დაიწყება, როგორც კი პრეზიდენტის განკარგულება გამოქვეყნდება, ხოლო ამ დღიდან აღარ იქნება შესაძლებელი პარტიებისთვის პლაკატებისა და სააგიტაციო მასალების გავრცელების შეზღუდვა.
მისივე თქმით, მათ ასევე აქვთ უფლება, მოითხოვონ შენობები შეხვედრებისთვის და ამის გაკეთებას აპირებენ.
“პირველ რიგში, უნდა ითქვას ის, რომ ბევრად ჭკვიანური იქნებოდა, არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწვეტილების მიღებამდე იურისტები და ექსპერტები დამსხდარიყვნენ. ეს არის ყოველად გაუგებარი და აბსურდული გადაწყვეტილება, რადგან ერთის მხრივ, პრეზიდენტის განკარგულებაში წერია, რომ ათვლა 8 აგვისტოსდან იწყება, მეორეს მხრივ, ორგანული კანონი – “საარჩევნო კოდექსი“ ამბობს, რომ როგორც კი არჩევნების დანიშვის შესახებ განკარგულება გამოქვეყნდება, წინასაარჩევნო კამპანია იწყება. ეს იმას ნიშნვს, რომ “საარჩევნო კოდექსის“ მთელი ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს, თუ როგორ ტარდება წინასაარჩევნო კამპანია, რა პრივილეგიები აქვს პარტიებს, რა შეზღუდვები აქვს სახელმწიფოს, საჯარო მოხელეებს, სამინისტროებს და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი უნდა ამუშავდეს. შესაბამისად, სახელმწოფომ საკუთარი თავი უნდა შეიზღუდოს და დახარჯოს გარკვეული თანხები საარჩევნო ადმინისტრაციებისთვის და სხვა საჭიროებებისთვის, რაც დაახლოებით 2-მილიონი ლარია თვეში. კარგი იქნებოდა, ამ ყველაფერზე პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს იქამდე ეფიქრათ, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და ვიდრე პრეზიდენტი განკარგულებას ხელს მოაწერდა. ახლა ჩვენ ვართ აბსურდულ სიტუაციაში, სადაც ყველაზე მარტივი გამოსავალია, პრეზიდენტის განკარგულებიდან მოხდეს 8 აგვისტოს ამოღება და შესაბამისად, დავიწყოთ სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო პერიოდი, როგორც კი პრეზიდენტის განკარგულება გამოქვეყნდება. პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ ჩანაწერი 8 აგვისტოს შესახებ საკმარისია იმისთვის, რომ არჩევნების დანიშვის განკარგულება დაუყოვნებლივ არ ამოქმედდეს და ამას იმით ამართლებს, რომ სახელმწიფოს არა აქვს წინასაარჩევნო კამპანიაზე 6-თვით ადრე გადასვლის ფუფუნება. ჯერ ერთი, ამაზე წინასწარ უნდა ეფიქრათ, ხოლო ახლა არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს. თუკი არჩევნების დანიშვის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება ისეთი სახით გამოქვეყნდება, როგორც არის ანუ მასში განკარგულების ამოქმედების თარიღად 8 აგვისტო იქნება მითითებული, ჩვენ, პოლიტიკური პარტიები მოვიქცევით ისე, რის საშუალებასაც საკანონმდებლო ბაზა – “საარჩევნო კოდექსი“ გვაძლევს. სახელმწიფო უბრალოდ საკუთარ მოვალეობას არ შეასრულებს. ეს იქნება ამ ყველაფრის შედეგი და იქნება გაუთავებელი დავა“, – განუცხადა prof-news-ს ლევან თარხნიშვილმა.