ნონა გაფრინდაშვილს ჭადრაკის სასახლის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან

საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივითა და ორგანიზებით 3 მაისს, ჭადრაკის სასახლის წინ ქართველ მოჭადრაკეს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავს გაუხსნიან.

წელს მსოფლიო დონის მოჭადრაკეს 75 წელი უსრულდება. ნონა გაფრინდაშვილს 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა. ის იყო ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი , საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი .

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 11-გზის ოქროს და ერთგზის ვერცხლის მედლის მფლობელია გუნდურ ჩათვლაში, ინდივიდუალურად კი მოპოვებული აქვს 9 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მცირე მედლები. სულ ოლიმპიადებზე ჩაატარა 128 პარტია. გაფრინდაშვილს მოპოვებული აქვს საქართველოს ოთხგზის და სსრ კავშირის 5-გზის ჩემპიონობა, არის ევროპის ქვეყნების ჩემპიონ ქალთა თასის გათამაშების პირველი და ორგზის ჩემპიონი , ასევე 26 სხვადასხვა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული.

ღონისძიება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.

Visited 226 times, 1 visit(s) today