ონში აგრო-ფესტივალი გაიმართა

ქალაქ ონში, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრო-ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მოქმედმა საწარმოებმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა და ფერმერულმა მეურნეობებმა. სპეციალურად მომზადებულ საგამოფენო სივრცეში, ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი: ღვინო, თაფლი, ლორი, ნიგოზი, რძის პროდუქტები და სხვა.
ფონდ „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებმა პროექტის, „სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა რაჭაში“, ფარგლებში გადამზადებულ ტრენერებს საზეიმო ვითარებაში სერთიფიკატები გადასცეს.
ფესტივალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება ანსამბლ “ძირიანის” კონცერტით დაიხურა. ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების, ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და ფონდ “აფხაზინტერკონტის“ ორგანიზებით ჩატარდა.

Visited 628 times, 1 visit(s) today