პირველი – ეს არის ხარისხის კონტროლის სისტემის პირველი ნაბიჯის დანერგვა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს მოუსმინეს.
მინისტრმა 2015 წლის შესრულებული სამუშაოს და 2016 წლის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. დავით სერგეენკოს განცხადებით, გასული წლის ზაფხულში პირველადი ჯანდაცვის რეფორმირება დაიწყო, რაც ხელისუფლების ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი განმარტებით, იდეალურ შემთხვევაში, პაციენტმა სამედიცინო საჭიროებებისთვის თავდაპირველად პირველადი ჯანდაცვის რგოლს (ოჯახის ექიმი, პედიატრი, თერაპევტი) უნდა მიმართოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაავადების პრევენცია ვერ ხერხდება – ჰოსპიტალურ მკურნალობას.
„ჩვენს შემთხვევაში, ეს პირუკუა და შეიძლება, 80 %-ზე მეტადაც პაციენტები უკვე გართულებული დაავადებით მიდიან ექიმთან. ეს არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რასაც ჰქვია პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელება, რა მიმართულებებითაც პირველი ნაბიჯები გადადგმა, სამწუხაროდ, დაგვიგვიანდა და დავიწყეთ შარშან ზაფხულში, თუმცა ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“, – განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ პრობლემაა დაგვიანებული მიმართვა ექიმთან, მედიკამენტების მაღალი ფასი და მკურნალობის ხარისხი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ პრობლემების გადაჭრას ემსახურება პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და სამედიცინო მოვლის ხარისხის კონტროლის ელემენტების დანერგვა.
დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მდგრადობის პერსპექტივებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგრადობის უზრუნველყოფისთვის რამდენიმე რეფორმის განხორციელება იგეგმება.

„პირველი – ეს არის ხარისხის კონტროლის სისტემის პირველი ნაბიჯის დანერგვა და პერსპექტივაში სრულყოფა. ხარისხის იდეალური უზრუნველყოფის შემთხვევაში შეიძლება დაიზოგოს მთლიანი ჯანდაცვის დანახარჯების 30%. ჩვენ არ გვაქვს იმის განცდა, რომ პირველივე თვეებში მივაღწევთ ამას, თუმცა ხარისხის ტოტალური მენეჯმენტი არის პირველი გზა იმისთვის, რომ პაციენტმა მიიღოს ხარისხიანი მოვლა, სამედიცინო დაწესებულებას დაეზოგოს თანხა და სახელმწიფომ შეძლოს თანხების უფრო მეტად რაციონალური გამოყენება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ისაუბრა სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის პროექტზეც. მისი ინფორმაციით, ეს მოდელი უახლოეს მომავალში თვალშისაცემ შედეგებს მოგვცემს.
დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სიახლეა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში.

„15აპრილს ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებას ჩვენს პარტნიორებთან, რომლის მიხედვითაც, ჩვენ გადავედით ახალ ეტაპზე, შემოსულია ახალი თაობის მედიკამენტი და მას უკვე იღებენ პაციენტები. ჩვენ მივაღწიეთ, რომ წელიწადში 20 ათასი პაციენტის მკურნალობის შეზღუდვა მოიხსნა და ავიდა მინიმუმ 30 ათას პაციენტზე. პერსპექტივაშია ის, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ საქმით დავამტკიცოთ, რომ საერთოდ მოიხსნას ზედა ბარიერი“, – განაცხადა მომხსენებელმა. მისივე ინფორმაციით, ვირუსის აღმოფხვრისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი ცენტრი შეიქმნება.

დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვიდან მიზნობრივ ჯანდაცვაზე გადასვლა არ იგეგმება.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არ მოიაზრება, რაიმე სახით დავუბრუნდეთ მიზნობრივ ჯანდაცვას. ეს შენარჩუნდება. არსებული მოდელი მოიაზრებს იმას, რომ მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო მას უფარავს, ვისაც ეს უფრო მეტად სჭირდება“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ. მინისტრმა ორმაგი დაფინანსებით მოსარგებლეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხარვეზი უახლოეს მომავალში გამოსწორდება. „აღმოჩნდა რამდენიმე ათასი ადამიანი, ვისაც კორპორატიული დაზღვევა ჰქონდა, დაკარგა და დღეს საყოველთაო ჯანდაცვის სრული პაკეტით ვეღარ სარგებლობს და პირიქით, ვისაც ჰქონდა საყოველთაო ჯანდაცვა, შეიძინა კორპორატიული და ახლა სარგებლობს ორივეთი. ეს შეუსაბამობა უნდა გასწორდეს“, – განმარტა მინისტრმა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ისაუბრა სოციალური მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობასა და სოციალურ პოლიტიკაზეც. მისი თქმით, ყველაზე მგრძნობიარე საკითხი სოციალური დახმარების მეთოდოლოგია და ადმინისტრირების განსაზღვრაა. დავით სერგეენკოს თქმით, თუ სოციალური დახმარებით მოსარგებლე პირი დროებით დასაქმდება, ან საზღვარს გადაკვეთს, ამის შესახებ უნდა შეატყობინოს სოციალური მომსახურების სააგენტოს.

„ თუ არ შეგვატყობინა, ამ შემთხვევაში, სისტემა ხედავს შემოსავალს და ავტომატურად ბლოკავს. ეს არის ხარვეზი, რომლის გამოსწორებაზეც ვმუშაობთ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ როდესაც ასეთი შემთხვევები ჩვენთან შემოდის, სხვადასხვა გზებით, ჩვენი ცხელი ხაზის საშუალებით, მედიის საშუალებით, დეპუტატებიდან, მუნიციპალიტეტებიდან, ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვახდენთ ამაზე რეაგირებას, ვცდილობთ, რომ ეს ხარვეზი გამოვასწოროთ და გაცდენილი პერიოდი დავუბალანსოთ“, – განმარტა მინისტრმა. სოციალური მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრისას დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ სოციალური დახმარება ახალგაზრდა, ჯანსაღი ადამიანებისთვის ხშირად სამუშაოს მოპოვების დემოტივატორია და ეს ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო ხარვეზია, რომლის აღმოფხვრასაც სამინისტრო ცდილობს. მისივე განცხადებით, სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭებისა და შეფასების მეთოდოლოგია ყველასთვის გამჭვირვალე და გასაგები უნდა იყოს.

შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებსაც, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვასა და მის ბიუჯეტს, საპენსიო რეფორმას, სოციალურ დახმარებას და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის სერვისების მიწოდებას ეხებოდა. კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებებიც და სამინისტროს მიერ 2015 წელს შესრულებული სამუშაო შეაფასეს.

დღესვე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის დადგენილების „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის ჩარჩო-კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ და „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის ჩარჩო-კონცეფციის“ ინიცირება მოახდინა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ დეპუტატებს კანონპროექტი „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარუდგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტი მიზნად ხარვეზის გამოსწორებას ისახავს.

„დასაზუსტებელი გახდა საკითხი, რომელიც ეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიმართ სააღსრულებო ფურცლის გამოწერას და აღსრულების წარდგენას და იქედან გამომდინარე, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, არ არის განსაზღვრული ის უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი, რომელიც უზრუნველყოფს ზემოხსენებულ სამართალდარღვევაზე სააღსრულებო პროცედურების განხორციელებას, დღის წესრიგში დადგა საკითხი, რათა მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს სააღსრულებო ფურცლის ფორმაც, რომლის საფუძველზეც უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მიენიჭება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სააღსრულებო ფურცლის წარდგენის უფლებამოსილება“, – განმარტა დიმიტრი ხუნდაძემ. წარმოდგენილ ცვლილებას დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

Visited 120 times, 1 visit(s) today