პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციასთან საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კოდექსებზე იმსჯელეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციასთან საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კოდექსებზე იმსჯელეს
პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად გადმოგზავნილ საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კოდექსებზე იმსჯელეს პრეზიდენტის მრჩევლებმა ოპოზიციასთან დღეს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე.
შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ, ოპოზიციამ ის შენიშვნები წარმოადგინა, რომელიც მათი აზრით, „ქართული ოცნების“ ინტერესებზე მორგებული ცვლილებებია და პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონთან მიმართებაში ვეტოს უფლება უნდა გამოიყენოს.
„პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრამდე, ფართო და ხანგრძლივი კონსულტაციები გვქონდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ყველა პოზიციის მოსმენის შემდეგ, ამ არგუმენტების საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს პრეზიდენტი და მის გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაცნობებთ.
მთელ ამ პროცესში, ამ საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტს ჰქონდა კრიტიკული განწყობა, როგორც თვითმმართველობის, ისე საარჩევნო კოდექსის მიმართულებით“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ვეტოს, როგორც კონსტიტუციურ ინსტრუმენტს, გარდა სამართლებრივი დატვირთვისა, პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. პრეზიდენტს, ისევე როგორც ნებისმიერ, სხვა, სახელისუფლებო შტოს წარმომადგენელს აქვს თავისი პოზიცია, პოლიტიკური შეხედულებები, მოსაზრებები და ეს შეხედულებები სწორედ ხალხის მოსაზრებებთან არის ძალიან ახლოს.

Visited 108 times, 1 visit(s) today