მე-9 მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. 6-8 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, რეგლამენტის შესაბამისად, საპარლამენტო ტრიბუნა ცალკეული დეპუტატების განცხადებებს დაეთმო. პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებით 15-მა დეპუტატმა ისარგებლა, რომლებმაც ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თავისი გამოსვლა ბოლო პერიოდში ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის კერებზე და მათ სალიკვიდაციო სამუშაოებზე გაამახვილა.
დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის – აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულ ზიანზე ისაუბრა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ. მისი ინფორმაციით, მიუხედავად სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს მასშტაბური ღონისძიებებისა, აღნიშნული პრობლემა კვლავაც გამოწვევად რჩება.
პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განცხადებები ეროვნული ვალიუტის დევალვაციის პროცესებზე, წლიურ ინფლაციაზე, კრიზისების მართვის სააგენტოს ფუნქციონირებაზე და საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გააკეთეს.
ოპოზიციის წარმომადგენლებს უმრავლესობის დეპუტატებმა უპასუხეს.
ლარის გაუფასურება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დროებით და მოკლევადიან პროცესად შეაფასა და განმარტა, რომ ლარის მკვეთრი დევალვაციის ფუნდამენტური მაკროეკონომიკური საფუძვლები ქვეყანაში არ არსებობს.