ქალაქ დუშეთში 40 ისტორიულ სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან შალვა კერესელიძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შენგელიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დუშეთში ისტორიული სახლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
პროექტი ითვალისწინებს ქალაქ დუშეთის ცენტრალური ნაწილის – რუსთაველის, ერეკლე II-ის, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს, შამანაურის ქუჩებისა და ცენტრალური პარკის მიმდებარე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას. მათ შორისაა განსაკუთრებული ისტორიული ღირებულების მქონე ილია ჭავჭავაძისა და აპრელოვების სახლები. გათვალისწინებულია გზის საფარის, ტროტუარებისა და გარე განათებების მოწყობაც.
ჯამში რესტავრაცია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ 40 ისტორიულ სახლს ჩაუტარდება, რომელთაგან 24-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. პროექტის მიზანია ისტორიული და არქიტექტურული ღირებულების მქონე შენობების პირვანდელი სახით აღდგენა.
სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარს აჭარბებს.

Visited 112 times, 1 visit(s) today