აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განახლებას გაეცნო.
მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო, თუმცა შემსრულებელი კომპანიის მხრიდან მოხდა სამუშაოების გაჭიანურება და შეჩერება. არსებული პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით ქობულეთში რამდენიმე დღის წინ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც სამუშაოებში 1 მაისიდან სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის ჩართულობის გადაწყვეტილების შესახებ აუწყა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ადგილობრივ მოსახლეობას და თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
ზურაბ პატარაძე ადგილზე გაეცნო განახლებულ სამუშაოებს. მისი თქმით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დაპირების შესაბამისად, შემსრულებელ კომპანიასთან ერთად, სამუშაოებს აქტიურად შეუდგა სახელმწიფო სამშენებლო კომპანია.
„დღეს უკვე ქობულეთის სანაპირო ზოლში ნაპირსამაგრი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი საზაფხულო სეზონის დაწყებამდე დასრულდება. ეტაპობრივად მოეწყობა და მოწესრიგდება ზღვაზე გადასასვლელები, იმისთვის რომ მაქსიმალურად შეეწყოს ხელი დამსვენებლებს“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძე.
ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყობა ახალი ბულვარი, გაიზრდება კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები, შემცირდება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას მისცემს.