აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

03/10/2017

აგრარულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი – „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ – ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა წარუდგინა დეპუტატებს.
მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის შემუშავების მიზანია „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების ფარგლებში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა მარეგულირებელი ნორმების გადამუშავება.
„კანონპროექტი გადამუშავდა მითითებული რეგულაციის მიხედვით და ითვალისწინებს საქართველოში დაცული ყველა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლების მფლობელების უფლებების დაცვას, აღნიშნული უფლებების დარღვევით წარმოებული და კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის, საწყობის, თავისუფალი ზონის, რეექსპორტის და ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების შესაბამისად გადაადგილებისას სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენებით“, – განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.
მისი თქმით, ფართოვდება ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელების უფლებების დაცვის არეალი და აღნიშნული მოიცავს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის, საწყობის, თავისუფალი ზონის, რეექსპორტის და ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების შესაბამისად გადაადგილებას, სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენებას.
კანონპროექტის ერთ-ერთ ძირითად სიახლეს წარმოადგენს: რეგისტრაციამდე მისივე განცხადებით, საქონლის შეჩერება და ასეთი საქონლისადმი სპეციალური სასაზღვრო კონტროლის ღონისძიებების გამოყენება.
კომიტეტის თავმჯდომარეს, ოთარ დანელიას მიაჩნია, რომ კანონპროექტის ძალაში შესვლის ვადებია გადასახედი, რადგან შესაძლოა ტვირთები გზაში იყოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0