ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტზე იმსჯელეს

07/07/2017

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით დღეს შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტის შესახებ დეპუტატებთან ერთად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

კანონპროექტი საპარლამენტო კომიტეტების მიერ უკვე პირველი მოსმენითაა განხილული. პარლამენტის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტებით, სამუშაო შეხვედრის მიზანია მეორე მოსმენისთვის შეჯერებული იყოს ყველა იმ ორგანიზაციის წარმომადგენლების მოსაზრება, რომელიც მიღებული კანონის იმპლემენტაციის მონიტორინგზე პასუხისმგებელი იქნება. „ბუნებრივია, ერთი კანონი ვერ იქნება პრობლემების მოგვარების და სრულად აღმოფხვრის პანაცეა, თუმცა ეს კანონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ ფუნდამენტურად შეიცვალოს სიტუაცია, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის იყოს უფრო ჰარმონიული და შეთანხმებული ურთიერთობა, რაც პოზიტიურად იმოქმედებს როგორც საზოგადოების, ასევე ბიზნესის განვითარებაზე“, – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

სამუშაო შეხვედრაზე კანონპროექტი მუხლობრივად განიხილეს. გამოითქვა მოსაზრებები, შემუშავდეს ისეთი კანონი, რომელიც ყველა სფეროს მომცველი იქნება. პარლამენტის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, იყო შემოთავაზება, რომ კანონი დაწერილიყო მთლიანად, ყველა სფეროს მოცვით და გარდამავალი დებულებით დარეგულირებულიყო, 2019 წლამდე თუ რომელ სფეროზე რა პერიოდით გავრცელდებოდა იგი. თუმცა მისივე მოსაზრებით, აღნიშნულ შემთხვევაში რიგი პრობლემები იჩენდა თავს. „რაკი კანონში ჩავწერეთ, რომ საწარმოებს დასჭირდებათ უსაფრთხოების მენეჯერები, რომლებიც იქნებიან სერტიფიცირებული, აქედან გამომდინარე, ძალიან კომპლექსური სამუშაო იქნება ჩასატარებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების კვალიფიციური მენეჯერები იყვნენ დასაქმებულები იმ საწარმოებში, რომლებიც ვალდებულებას აიღებენ, მოაწესრიგონ შრომითი სტანდარტები. ამაზეც უნდა ვიფიქროთ. კანონის მხოლოდ მიღება არ არის საკმარისი, კანონი უნდა განხორციელდეს, ამიტომ თანხვედრილი უნდა იყოს პროცესი, რომ უსაფრთხოების მენეჯერები, ასევ ვთქვათ, დაეწიონ მომზადების დონით შრომის ინსპექტორებს“, – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები საკადრო რესურსებით – შრომის ინსპექტორების რაოდენობით დაინტერესდნენ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ელზა ჯგერენაიას განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ყველა სექტორის შემოწმება არცერთ ქვეყანაში არ ხდება. „საერთაშორისო პრაქტიკაში წლიურად 5-დან 10 პროცენტამდე საწარმოების შემოწმება ხდება პრიორიტეტების მიხედვით და დარღვეული სტანდარტების მიხედვით. საქართველოში ჩვენ მიერ შეირჩა და მომზადდა 25 ინსპექტორი, რომლებიც გავითვალისწინეთ მოქმედი საწარმოების 1 %-ის მომსახურებისთვის. მიმაჩნია, რომ ქვეყანას უნდა გააჩნდეს ეროვნული დოკუმენტი – შრომის უსაფრთხოების სტრატეგიული გეგმა, რომელშიც გაიწერება პრიორიტეტული მიმართულებები, მნიშვნელოვანი საწარმოები და ის ვიზიტები, რომელიც განხორციელდება ამ საწარმოებში. ამაზე უკვე მიმდინარეობს მსჯელობა“, – განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.

კანონპროექტს კომიტეტი მეორე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0