აკაკი ზოიძე ტუბერკულოზის საკითხებზე გამართულ სამიტს დაესწრო

18/09/2017

თბილისი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 2017 წლის ტუბერკულოზის სამიტს მასპინძლობს, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარლამენტარები მონაწილეობენ.
ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე მიესალმა და ტუბერკულოზის – გლობალური ეპიდემიის წინააღმდეგ გასატარებელ პროექტებზე ისაუბრა.
აკაკი ზოიძე: „სამიტი „Global TB Caucus”-ის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც გასულ წელს ევროპის რეგიონის და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარლამენტართა ინიციატივით დაფუძნდა, მის მიზანს, დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად პოლიტიკური და ფინანსური რესურსების მობილიზება წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ გაეროს და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დასახული აქვს ტუბერკულოზის საბოლოოდ აღმოფხვრის სტრატეგია და ჩვენი შეხვედრა ამ მიმართულებების დისკუსიისთვის მნიშვნელოვანი ფორუმია“.
კომიტეტის თავმჯდომარემ 2018 წელს ტუბერკულოზის წინააღმდეგ გასამართ გაეროს სპეციალური სესიის მოსამზადებელ სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფორუმში მონაწილე სახელმწიფოს მეთაურებისთვის მომზადდება მიმართვა, რათა პრობლემის აღმოფხვრისთვის თვითოეულმა ქვეყანამ შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს.
„ამ სამიტისთვის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარლამენტარებმა გვინდა საერთო განაცხადი მივიღოთ, ეს იქნება მიმართვა სახელმწიფოს მეთაურთა მიმართ, რომლებიც გაეროს აღნიშნულ სესიაზე შეიკრიბებიან. ჩვენი მიზანია, ყურადღება გამახვილდეს დაავადების წინააღმდეგ ღონისძიებების გატარებისთვის და თითოეულმა სახელმწიფომ შესაბამისი რესურსი და ფინანსები გამოყოს“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0