ალბათ, ასამდე შემთხვევაა, როდესაც გავეცი ციხეში შესვლის ნებართვა და ჩემი პრეროგატივა არ არის ინფორმაციის მიღება

16/10/2018

„ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა, გასცეს ნებართვა ციხეში შესვლაზე და არის ალბათ ასამდე შემთხვევა, როდესაც მე გავეცი ასეთი ნებართვა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ინფორმაციის მიღება იმის თაობაზე, თუ რასთან დაკავშირებით შედგა საუბარი ამ ნებართვის საფუძველზე, პარლამენტის თამჯდომარის არც პრეროგატივა და არც პასუხისმგებლობა არ არის.

„რაც შეეხება ნებართვის გაცემას თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა, ნებართვის გაცემა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლასთან დაკავშირებით განხორციელდა ათეულობით ასეთი შემთხვევა გვაქვს, საქართველოს პარლამენტში და მე არ ვინტერესდები რა თქმა უნდა, საუბრის შინაარსით . ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა, გასცეს ნებართვა ციხეში შესვლაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის ალბათ ასამდე შემთხვევა, როდესაც მე გავეცი ასეთი ნებართვა. ჩემი პრეროგატივა და არც პასუხისმგებლობა არ არის ინფორმაციის მიღება იმის თაობაზე თუ რასთან დაკავშირებით შედგა საუბარი ამ ნებართვის საფუძველზე. იგივე, თუნდაც საქმე ეხება, რა თქმა უნდა, სუბელიანს, იყო არაერთი ნებართვა, რომელიც გაცემულ იქნა კომისიის ფარგლებში და იქაც არაერთი ადამიანი იყო შესული. არაერთხელ შევიდნენ, მაგალითად, ოპოზიციის წარმომადგენლები”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გუშინ ასეთი მომართვა არ ყოფილა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს უფლება, რომ მიიღოს კონკრეტული ინფორმაცია დეპუტატისა და საპატიმრო დაწესებულებაში არსებული პირის საუბრის თაობაზე.

„გუშინ ასეთი მომართვა არ ყოფილა. ანუ იყო მიმართვა, რადენჯერმე, როგორც თქვენ ახსენეთ და მაშინ შევიდა ბატონი ვიქტორ ჯაფარიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი არც უფლება არ არის რეალურად ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოკითხვა გამომდინარე იქედან, რომ კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის წევრი სარგებლობს ინდემნიტეტით, პარლამენტის თავმჯდომარე არ არის დირექტორი, პარლამენტში შესაბამისად პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს უფლებაც კი იმისა, რომ მიიღოს კონკრეტული ინფორმაცია დეპუტატსა და ასე ვთქვათ, საპატიმრო დაწესებულებაში არსებული პირის საუბრის თაობაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუქარის არავის არ ეშინია, ყველა კითხვა დაისმება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ამისთვის, შესაძლოა, გამოყენებული იქნას საპარლამენტო ფორმატიც.

„ჩვენ ვთქვით მთავარი. მთავარი ვთქვით ის, რომ მუქარის არავის არ ეშინია და რატომ არ ეშინია, იმიტომ კი არა, რომ განსაკუთრებულად ძლიერები ვართ. ძლიერები ვართ ჩვენი სიმართლით. სიმართლის გამო არ ეშინია არავის მუქარის. აქედან გამომდინარე, ყველა კითხვა დაისმება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ამისთვის, შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატიც”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0