ალექსანდრე მოწერელია ფოთში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

14/06/2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერის პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. ალექსანდრე მოწერელია ფოთის წყალარინების პროექტის მიმდინარეობას გაეცნო, ასევე დაათვალიერა თეატრის და კოსტავას ქუჩაზე ტროტუარების რეაბილიტაციის პროცესი. ქალაქ ფოთში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, წყალარინების ქსელის მოწყობა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტები ითვალისწინებს 145 კმ ქსელის მოწყობასა და 28 ერთეული სატუმბი სადგურის მშენებლობას. აშენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. სამუშაოებს ADB-ი 130 მილიონ ლარზე მეტით აფინანსებს. დღემდე, ფოთის მოსახლეობის 60% კანალიზაციის სისტემით ვერ სარგებლობს, ამორტიზებულია და არ ფუნქციონირებს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობაც.
სახელმწიფო რწმუნებული ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობასაც გაეცნო. პროექტი სარდაფის, სახურავის, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების, ფასადის, ვინტილაციისა და გაგრილების სისტემის მონტაჟის და სხვა სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 700 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი და 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.
თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ალექსანდრე მოწერელია, კოსტავას ქუჩაზე ტროტუარების რეაბილიტაციის პროექტს გაეცნო, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს. კოსტავას ქუჩაზე ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება, მისი ღირებულება 370 ათას ლარზე მეტია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0