ანა დოლიძე დღეს ვენეციის კომისიის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა

16/06/2017

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დღეს ვენეციის კომისიის 111-ე პლენარულ სესიას დაესწრება და სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
ანა დოლიძემ ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრები უკვე გამართა და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრებები წარუდგინა.
„საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის მიღებას ფართო, ეროვნული კონსენსუსი სჭირდება, კონსტიტუცია ეროვნული თანხმობის დოკუმენტია და არ უნდა იყოს ერთპარტიული დოკუმენტი. რადიკალური და მკაცრი პოზიცია გვაქვს გადაუნაწილებელი მანდატების ე.წ. ბონუსთან დაკავშირებითაც და იმედია, კომისია გაითვალისწინებს ჩვენი მოსაზრებების კონტექსტს და საარჩევნო სისტემას შესაბამისად გაუწევს რეკომენდაციას. ჩვენი კონტექსტია – ხალხს არ უნდა მივცეთ ის სიგნალი, რომ გამარჯვება ნიშნავს ერთპიროვნულ მმართველობას,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.
რაც შეეხება თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებულ შენიშვნებს, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისია პრეზიდენტისა და დარგის ექსპერტების მოსაზრებებს და შიდა კონტექსტს გაითვალისწინებს.
„იმედი გვაქვს, რომ კომისია მოუწოდებს ქართულ მხარეს, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემა ექსპერტებთან ერთად შეიმუშაოს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის წევრებს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ როცა მმართველი ძალა რადიკალურად არ ითვალისწინებს ხალხის ნებას, ამას სჭირდება შესაბამისი არგუმენტაციაც.
„თუ ჩვენ ვარჩევთ პრეზიდენტს, როგორც ნეიტრალურ არბიტრს, მაშინ ის სისტემა, რომლითაც ავირჩევთ პრეზიდენტს უნდა ემსახურებოდეს ამ ამოცანას, რომ მართლაც არ იყოს ერთი პარტიის მიერ დანიშნული პრეზიდენტი, არამედ იყოს ნეიტრალური“, – აღნიშნავს ანა დოლიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0