არასამთავრობოებთან შეხვედრების მიზანი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის რესურსის ძიებაა

01/06/2017

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით კონსენსუსის რესურსის ძიება დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო კომისიამ ისე დაასრულა მუშაობა, რომ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ვერანაირი კონსენსუსი ვერ შედგა და პროექტი ნულოვანი კონსენსუსითაა მიღებული. სწორედ ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრები დაიწყო.
„ხვალიდან იგეგმება შეხვედრები უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სახალხო დამცველთან, რათა გამოიკვეთოს ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია.
საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატიული ჩართულობის მიმართულებით ყოველთვის ემხორობოდა პროცესის გახსნილობას, პროცესში საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების მეტ ჩართულობას.
უამრავი თემაა, რომლებზეც ხელისუფლების გარდა, არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები, უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, პოლიტიკური პარტიები გარკვეულწილად თანხმდებიან.
ეს შეეხება როგორც საარჩევნო, სასამართლო სისტემებს, ასევე, უსაფრთხოებას და სწორედ ამ შეხვედრების უმთავრესი მიზანი არის ამ კონსენსუსის რესურსის ძიება, რათა მივიღოთ კონსტიტუციის პროექტი, არა ისეთი, როგორიც ახლა გვაქვს, ანუ ნულოვანი კონსენსუსის მხოლოდ ერთპარტიული გადაწყვეტილების შედეგად ჩამოყალიბებული“, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი აბაშიშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები: ლაშა ტუღუში, ირმა ბასილაშვილი, თინათინ ბოლქვაძე, ლიკა საჯაია, სოფიო ჭარელი, ელენე ნიჟარაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0