არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა

21/10/2017

ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში, დილის 07:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე შემოვიდა 1 468 ზარი და 134 შეტყობინება ონლაინ ჩატის მეშვეობით, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ზარებისა და შეტყობინებების დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა. ანა მიქელაძემ ასევე, საარჩევნო გარემოზე ისაუბრა.

„არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, რაზეც საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება. რაც მთავარია ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა. 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს; ისინი მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.
შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა დაითვალონ სამი სახის ბიულეტენები და შესაბამისად შეადგინონ 3 შემაჯამებელი ოქმი. შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა მოხდება ცესკოში არსებული შედეგების შეჯამების ცენტრში, სადაც ოპერატორებს შემაჯამებელი ოქმების მონაცემები სპეციალურ პროგრამაში შეჰყავთ. ამასთან, შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების დათვლის პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით, რომელიც 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით არის შესაძლებელი ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, facebook-გვერდზე და Youtube-ზე“, – განაცხადა მიქელაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0