არ ჰყავს ამ ქვეყანას ვინმეს დასამუქრებელი პოლიციელი და ცოტა შორს დაიჭირონ ხელი და სიტყვა

05/03/2021

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, საქართველოს მთავრობის წევრს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. ვახტანგ გომელაურმა კანონმდებლებს მოკლე ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შარშან და წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ, გააცნო სამინისტროს განვითარების ხედვა და ის სტრუქტურული რეფორმები, რომელიც დაწყებულია უწყებაში და მისივე თქმით, წარმატებით მიმდინარეობს. მინისტრის განცხადებით, 2020 წელი იყო რთული, ქვეყანა დღემდე ებრძვის პანდემიას და ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

„ქვეყანა დღემდე ებრძვის პანდემიას და ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. პარალელურად, სამინისტროს თანამშრომლები კრიმინალთან ბრძოლას, ისევე, როგორც მოქალაქეთათვის აუცილებელი სერვისების მიწოდებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, სამინისტრო აგრძელებს ეფექტიან მუშაობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული 12%-ით შემცირდა. მისი განცხადებით, სამინისტროს მიერ კრიმინალის წინააღმდეგ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია და კონკრეტული ციფრები რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე ყოველთვიურად ქვეყნდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიც არის მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა, მათ შორის, შემცირებულია ბინების გაქურდვის ფაქტებიც, გაიზარდა კიბერდანაშაული, რაც გლობალური გამოწვევაა და ინტერნეტ რესურსების გაზრდილი გამოყენებით არის განპირობებული. ასევე, მომატებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისადმი მიმართვიანობა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით: არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის სასჯელი გამკაცრდა და უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწის მიზნით, მოძალადის მიმართ დაწესდა ელექტრონული მონიტორინგი; უწყებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება; სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ და ამ ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს; კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ქვეყანა ეფექტიან ნაბიჯებს დგამს – 2020 წელს კიბერდანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის დანაყოფი შეიქმნა თბილისში, დაკავებულია 152 კიბერდამნაშავე; აქტიურად მიმდინარეობს განსაკუთრებულ დავალებათა და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტების გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით; მომსახურების სააგენტოში დაინერგა ახალი სერვისები. მომავალ გეგმებზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა. მისი თქმით, რეფორმის შედეგად მივიღებთ გამომძიებელთა ახალ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე შემადგენლობას, ხოლო ოპერატიული კომპონენტი საქმიანობის ცალკე მიმართულებად განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების გამიჯვნის პროცესი. საპატრულო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად, ნებისმიერ სამართალდარღვევაზე ოპერატიულად რეაგირებენ, აკონტროლებენ კარანტინისა და იზოლაციის წესების დაცვას და მოქალაქეებს არსებული რეგულაციების აღსრულებისკენ მოუწოდებენ. აღინიშნა ისიც, რომ 2021 წელს ერთიანი მომსახურების ცენტრები გაიხსნება შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში, სადაც მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიიღებს. 2021 წელს დაგეგმილია ასევე საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაზრდა, უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა ახალციხის და დავით გარეჯის ტერიტორიაზე.

მინისტრმა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში სამინისტროს ჩართულობასა და ამ კუთხით განხორციელებულ სამუშაოებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კორონავირუსის შეკავებაში ჩართულმა დეპარტამენტებმა კოორდინაციის საუკეთესო მაგალითები აჩვენეს – ეს ეხება როგორც შიდა უწყებრივ, ასევე უწყებათშორის თანამშრომლობას. მინისტრის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს ყველა სახის დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა გამოწვევები კვლავაც რჩება და მათ გადასაჭრელად სამინისტროში არაერთი რეფორმა ხორციელდება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რის შემდეგაც კანონმდებლებმა კომიტეტების და ფრაქციების სახელით პოზიციები დააფიქსირეს. თანამომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენება იყო საინტერესო და მასში გამოკვეთილი იყო ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება. პარლამენტმა მოისმინა კითხვებზე დეტალური პასუხები.

„დღევანდელი მოსმენა არის ნათელი მაგალითი ანგარიშვალდებულების საქართველოს პარლამენტის წინაშე, თითოეული დეპუტატის წინაშე, როგორი მაღალი პასუხისმგებლობით უდგება ბატონი მინისტრი შეკითხვებს და მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ყველა შეკითხვაზე მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი გაეცა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა, შეიძლება ითქვას, რომ პროფესიონალიზმით გამოირჩევა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრის საქმიანობის შეფასებას ორ ძირითად კრიტერიუმზე დაყრდნობით ვახორციელებთ, ეს გახლავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა და მართლწესრიგის დაცვა. ამ ორ მნიშვნელოვან სფეროზე კანონმდებლობით სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროა პასუხისმგებელი და ჩემი შეფასებას სწორედ ამ ორ კრიტერიუმს ეფუძნება. ამ ორ კრიტერიუმში არის კიდევ უმნიშვნელოვანესი მიმართულებები: საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილება, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, საგანგებო მდგომარეობის დროს შესაბამისი მონაწილეობა – ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციელებს, მთელ გუნდს უწევს მუშაობა და ამ თითოეული მიმართულებით სამინისტროს მუშაობა იყო წარმატებული, მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით წარმართული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მან კონკრეტულ მაგალითებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ 2020 წელს მთელი რიგი მიმართულებით დანაშაულები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მისი თქმით, შარშან ქვეყნისთვის და, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ნომერ პირველი გამოწვევა იყო კოვიდი და სამინისტრო, ძირითადი საქმიანობის პარალელურად, ერთ წელზე მეტია ჩართულია კოვიდის პრევენციის ღონისძიებებში და საკუთარი სიცოცხლისა და რისკის ფასად უწევდა პოლიციელებს ამ მიმართულებით საქმიანობა, რისთვისაც თითოეულ პოლიციელს, სამინისტროს გუნდს ეკუთვნის მადლობა. მისივე თქმით, ცალკე უნდა აღინიშნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უკომპრომისო ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთა – ქურდული სამყაროს და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უდავოდ აღსანიშნავია ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები. მისი თქმით, ეს კავშირშია ასევე ევროკავშირთან ხელმოწერილი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთანაც და კომიტეტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამ მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობს. შინაგან საქმეთა მინისტრის ანგარიშს ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ზილფიმიანი, რომლის განცხადებით, მნიშვნელოვანია პოლიციელთა დაცულობის საკითხი, ვინაიდან დაცვა არა მხოლოდ მოსახლეობას, თვით პოლიციელსაც სჭირდება. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საზოგადოებასა და პოლიციას შორის არანაირი კონფლიქტი არ არსებობდეს.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას განცხადებით, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა და მხარდაჭერა ეკუთვნის შინაგან საქმეთა მინისტრს, მის გუნდს, თითოეულ პოლიციელს.

„ამ ანგარიშის მოსმენის შემდეგ, კიდევ ერთხელ, ვაძლევთ მაღალ შეფასებას სამინისტროს საქმიანობას და კატეგორიულად ვგმობთ პოლიციელების მიმართ რადიკალური და უპასუხისმგებლო ჯგუფების მხრიდან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ რიტორიკას, მუქარას, პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობებს, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელებას. მოვუწოდებთ თითოეულ ასეთ სუბიექტს, ნუ ისარგებლებენ ბოროტად პოლიციელის კეთილსინდისიერებით, მოთმინებით და თავშეკავებით. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ თითოეულ პოლიციელს და ვგავართ მათ გვერდით“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პოლიციელთა საქმიანობა არის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და ამავდროულად, რისკის შემცველი.

„მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, პოლიციელები და მაშველები საფრთხის ქვეშ აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. გვქონდა სამწუხარო შემთხვევებიც, როდესაც დაიღუპნენ სამინიტროს თანამშრომლები და საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს მათი სახელები: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის უფროსი ექსპერტი, პოლიციის მაიორი – საიბ გეიდაროვი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი, უმცროსი სერჟანტი თორნიკე კიპაროიძე. მათი სახელები სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“, – განაცხადა მან.

ირაკლი ბერაიას განცხადებით, 2020 წელი წარმატებული იყო ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ტრეფიკინგის, კიბერდანაშაულის, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით. შსს-ს საქმიანობა გამოირჩეოდა ამბიციურ რეფორმებზე ორიენტირებული დღის წესრიგით.

„დღევანდელი ანგარიში გარდა ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის გამოვლინებისა, არის უწყების ყველა მიმართულებით საქმიანობის ეფექტიანობის, პროდუქტიულობის, საპოლიციო საქმიანობის ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტით წარმართვის კიდევ ერთი დადასტურება. ეს ყველაფერი ასახულია რეგისტრირებული დანაშაულის 12 % იან კლებაში, ყაჩაღობის, გამოძალვის, ძარცვის, ბინების გაქურდვისა და ქურდობის მაჩვენებლების მნიშნველოვან შემცირებაში. ეს ასევე გამოიხატება პანდემიის მართვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში, სამართალდაცვით სფეროში წარმატებულ საერთაშორისო თანამშრომლობაში და შესაბამისად, საქართველოს – როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირებაში. ქართული პოლიცია, მეხანძრე-მაშველები არიან ყველგან, სადაც ჩვენს მოქალაქეებს სჭიდებათ“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის შეფასებით, უნდა ითქვას, რომ დღევანდელ სხდომაზე დაისვა ყველა კითხვა, რაც კი საზოგადოებას აინტერესებს და მნიშვნელოვანია, რომ ყველა მათგანს ამომწურავი პასუხი გაეცა.

„მსურს, გულწრფელი მადლობა ვუთხრა ყველა მეხანძრე-მაშველს, 112-ის წარმომადგენლებს, კრიმპოლის თანამშრომლებს, პატრულის თანამშრომლებს იმ გმირობისათვის, რაც მათთვის ყოველდღიურობას წარმოადგენს. ამისთვის მათ მადლობა ეკუთვნის, მაგრამ თუ ამ სისტემას არ ჰყავს ღირსეული ხელმძღვანელი და ამ შემთხვევაში სწორედ ასეა – ღირსეული ხელმძღვანელი ჰყავს, ვერ იქნება თანამშრომელი ამაყი. ცოტა სხვანაირად იყო წარსულ წლებში. დღეს, როდესაც შსს-ს ჰყავს ადამიანი არა მხოლოდ პროფესიონალი, არამედ საუკეთესო პიროვნული თვისებებით დაჯილდოებული, პოლიციელიც უფრო ამაყია და უფრო თამამია. ამ სისტემას ჰყავს პატრონი და ის მაგალითია იმის, თუ როგორ უნდა იყო ერთდროულად ჰუმანურიც და, მეორე მხრივ, განუხრელად იცავდე კანონს და მის უზენაესობას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამავე დროს, კატეგორიულად მიუღებელია, ის რაც ხშირად ხდება – ძალადობა შეურაცხყოფა პოლიციელის მიმართ, და ამას ხშირ შემთხვევაში კადრულობენ ე. წ. პოლიტიკოსები ქვეყნის გარედან, თუ მთელ რიგ შემთხვევებში, ქვეყნის შიგნითაც და დამუქრებასაც კი ბედავენ.

„არ ჰყავს ამ ქვეყანას ვინმეს დასამუქრებელი პოლიციელი და ცოტა შორს დაიჭირონ ხელი და სიტყვა და ყველაფერი ამ ხალხისგან, იმიტომ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იმსახურებენ პატივისცემას, შექებას ყოველდღიურს, ვინაიდან კარგად ვიცი რას გრძნობენ, რას უძლებენ ყოველდღიურად ისინი და მათი ოჯახის წევრები და როგორ აქვს თავი გადადებული თავისი ქვეყნისთვის და საქმისათვის. ვერანაირი ანაზღაურება ვერ შეცვლის საქმისათვის ამ თავდადებას და თავგანწირვას. ამიტომ, ჩვენ ერთი ის შეგვიძლია, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ამ მხარდაჭერით ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ ყველა, საზოგადოების ყველა წევრი ამ საქმეში ვართ მათ გვერდით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მთავარია სიმართლე ვუთხრათ საზოგადოებას და საზოგადოება კარგად არჩევს გუშინ იყო მეტი დანაშაული, თუ დღეს არის, გაუმჯობესდა თუ არ გაუმჯობესდა ვითარება, გაცილებით ჰუმანურია დღეს პოლიციელი თუ არა, კანონს იცავს და მიყვება მას შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუ არა. სხდომის დასასრულს შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის წევრებს დასკვნითი სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ვახტანგ გომელაურის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ უწყება გამართულად მუშაობდეს და ამაში ყველას წვლილია, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული დანაყოფი 24-საათის განმავლობაში მუშაობს.

„მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ მოქალაქეების და ქვეყნის დასაცავად – დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მაღალი ტრიბუნიდან ჩვენს თანამშრომლებს, დაწყებული რიგითიდან, დამთავრებული ჩემი მოადგილეებით, ყველას. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. არის კითხვები, ხანდახან კრიტიკულიც, არის – პასუხები. შევეცადე გულწრფელად მეპასუხა. რა თქმა უნდა, არის პატარა პრობლემები, რომლებზეც ვმუშაობთ. 100%-ით გამართული სამინისტრო, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მინიმალური ჩავარდნები იყოს მუშაობაში. ჩვენ ვისაუბრეთ მძიმე თემებზე, თუნდაც ბავშვების, მოზარდების თემაზე, არასრულწლოვნებზე, ოჯახში ძალადობაზე – რაც ნამდვილად უმძიმესი საკითხებია, რომ არ ჩავთვალოთ სხვა კრიმინალური დანაშაულები. მაქსიმალურად ვიმუშავებთ სხვა სამინისტროებთან ერთად, თქვენთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად, რომ ასეთი მძიმე შემთხვევები უფრო ნაკლები მოხდეს და მაქსიმალურად დროულად დავიცვათ ჩვენი ბავშვები, ჩვენი დედები, ჩვენი მეგობრები, ყველა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0