აღმაშენებლის გამზირზე ისტორიული აივნების აღდგენა მიმდინარეობს

08/06/2016

პროექტ “ახალი ტფილისის” სარეაბილტაციო სამუშაოები დავით აღმაშენებლის გამზირზე 4 თვის მანძილზე მიმდინარეობს. გამზირზე არსებულ 47 ისტორიულ შენობას რესტავრაცია და რეაბილიტაცია უტარდება. სახლების ძირითად ნაწილზე უკვე აღდგა ძველი ხის და რკინის ჭვირული აივნები, ნაწილზე სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დეკორატიულ აივნებს, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო და დღემდე დაზიანებული, მაგრამ მაინც პირვანდელი სახით შემორჩა, სპეციალურ სარესტავრაციო საამქროებსა და სამჭედლოებში ისტორიულ ძეგლებზე მომუშავე სპეციალისტები აღადგენენ.
აივნების ჭედური მოაჯირები იხსნება, იწმინდება, შემდეგ მათი დაკარგული და დაზიანებული დეტალების აღდგენა ხდება, ბოლოს იმ ფერში იღებება, რაც სახელოვნებთმცოდნეო კვლევის მიხედვით თავდაპირველად იყო.
რაც შეეხება რკინის კონსტრუქციით არის დაფარული აივნის ბაქნებს, ხდება მათი დაზიანებული ნაწილების რესტავრაცია.
საამქროებში დაზიანებული დეკორატიული ორნამენტებისთვის ყალიბები იქმნება, ხელახლა ჩამოასხამენ და პირვანდელი სახის ინარჩუნებენ.
დავით აღმაშენებლის გამზირის ეს ნაწილი , სადაც 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, გამორჩეულია შენობების არქიტექტურული გადაწყვეტებით და საინტერესო მხატვრული სტილისტიკით.
პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში, აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0