„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საჯარო შეხვედრა ოზურგეთში გაიმართა

19/05/2017

ქალაქ ოზურგეთში, პროფესიულ კოლეჯ ,,ჰორიზონტში“, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მცირე ბიზნესის განვითარებისა და მხარდამჭერი პროგრამის ახალი ფაზის დაწყებასთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრა გაიმართა. პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ბიზნეს განვითარების მრჩეველმა გიორგი სვანიძემ, დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა და პროექტის არსის, ფაზებისა და პრიორიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრეზენტაციას გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიუროს ხელმძღვანელი ლაშა ჭელიძე, შპს ჯი-ემ-სი-ჯი-ს წარმომადგენელი გურიაში ილია კოსტავა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ. შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. ,,მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა“ გახლავთ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესიდეების მქონე მოქალაქეებს წამოიწყონ ან განავითარონ ბიზნესი რეგიონში. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს (18 წელს მიღწეულ პირებს), რომლებიც არ არიან საჯარო მოხელეები. დაინტერესებულ პირებს ბიზნესიდეის შესახებ განაცხადი შეუძლიათ გააკეთონ ვებგვერდზე: www.qartuli.ge 2017 წლის 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით და გამარჯვების შედეგად მიიღონ თანადაფინანსება 5 000-დან 15 000 ლარამდე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0