აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა

18/11/2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციას ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უმასპინძლეს. პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მიმართა და საქართველოში შექმნილი საინვესტიციო კლიმატისა და აჭარის რეგიონში მიმდინარე წარმატებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
“საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით, აჭარის რეგიონი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. აქ ყველა ის პირობაა შექმნილი,რომელიც საჭიროა ბიზნესის წარმოებისთვის: სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა, უსაფრთხოების მაღალი დონე, ბიზნესის კეთების სიმარტივე (მსოფლიოში მე-9 ადგილი), ეფექტური საჯარო სამსახურები, ლიბერალური კანონმდებლობა. ევროპასთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და სხვა გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია საბაჟო მოსაკრებლების გარეშე გავიდეს 900 მილიონიან მომხმარებლიან ბაზარზე. ეს თავის მხრივ დიდ პოტენციალს უჩენს საქართველოს, როგორც სავაჭრო ჰაბს” – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ და იმედი გამოთქვა, რომ მეზობელ რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ეფექტური და ნაყოფიერი იქნება.
ორდღიანი ვიზიტის დასასრულს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეზობელი რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები დადებითად შეაფასა. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ჩვენი რეგიონისათვის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული.
„ორი დღის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გავმართეთ სავაწრო-ეკონომიკური, ასევე, კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებებით. პირველ რიგში ვისაუბრეთ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე. ართვინის გუბერნატორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება გაიმართოს პერმანენტული ორმხრივი შეხვედრები, სადაც საბაჟოზე არსებული მდგომარეობა იქნება განხილული. ერთ-ერთი მთავარი თემა, ეს არის საკრუიზო ტურიზმი. ჩვენ შევთახმდით პორტის ხელმძღვანელობასთან, რომ გავმართავთ საქმიან შეხვედრას, სადაც განვიხილავთ ახალ საკრუიზო მარშუტის შექმნის საკითხს. ჩვენი სურვილია შავ ზღვაში შემოსულ ლაინერებს შევთავაზოთ ტრაპიზონი, შევთავაზოთ ბათუმი. ამ საკითხზე ჩვენ გვექნება მსჯელობა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, საუბარია ბულგარეთზე, უკრაინასა და რუმინეთზე, რომლებიც ასევე ჩაერთვებიან ამ ტურისტულ მარშრუტში“- აცხადებს ზურაბ პატარაძე

Tweet about this on TwitterShare on Facebook0