ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

19/06/2019

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა გაჩეჩილაძემ და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს.
საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება სოფელ ურაველში, სადაც აგარის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზის 4,8 კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. სამუშაოები რეგიონული პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ მონასტრამდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, აქ პირველად ხორციელდება. ტურისტების, მომლოცველებისა და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ხუროთმოძღვრულ ძეგლთან დაკავშირება კეთილმოწყობილი და კომფორტული გზით იქნება შესაძლებელი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ანდრიაწმინდაშიც, სადაც გზის 1700 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ სოფლები ანდრიაწმინდა და ანდა მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებია, სადაც განსაკუთრებით ზამთრის პერიოდსა და უამინდობისას მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.
მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ასევე დაათვალიერეს სოფელ ხეოთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი იგება გზის 2500 მეტრიან მონაკვეთზე. კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სოფლებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგება, ახალციხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 7 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. გარდა ამისა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად მიმდინარეობს სხვა საპროექტო და სატენდერო წინადადებების მომზადებაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0