ახალციხის სოფლებში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

27/04/2018

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება ახალციხე-ჭვინთა-ელიაწმინდის საავტომობილო გზაზე (მესამე ეტაპი), სადაც 3,100 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი იგება. სამუშაოები რეგიონული პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 864 781 ათასი ლარით ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტით სრულდება გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი და შედეგად ჯამში 8 კილომეტრი სიგრძის გზა მოწესრიგდება. სოფლები ჭვინთა და ელიაწმინდა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებია, სადაც, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდსა და უამინდობისას მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ მათ ადმინისტრაციულ ცენტრთან დაკავშირება კეთილმოწყობილი და კომფორტული გზით შეეძლებათ. სოფლებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგება, ახალციხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 9 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ჯამში 18,050 კილომეტრის გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. გარდა ამისა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწერიგებლად სხვა საპროექტო და სატენდერო წინადადებებიც მზადდება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დღეს, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ ადგილზე დაათვალიერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0