ბათუმმა თაფლის რიგით მეექვსე ფესტივალს უმასპინძლა

20/08/2023

19-20 აგვისტოს, ბათუმმა თაფლის ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ესწრებოდნენ. ფესტივალი აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა მეფუტკრე ფერმერების ხელშეწყობას და ქართული თაფლის პოპულარიზაციას. თაფლის ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია 40-მდე მეფუტკრემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმოადგინა. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ და შეეძინათ როგორც აჭარის სხვადასხვა კუთხეში, ასევე, ქვეყნის მასშტაბით წარმოებული არაერთი სახეობის თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქცია. აქტიური ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, ფესტივალის ფარგლებში, არაერთი გასართობი ღონისძიებაც გაიმართა.ბათუმში, თაფლის რიგით მეექვსე ფესტივალი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების მხარდაჭერით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0