ბათუმში „ჯეოანესთეზია 2017“ გაიმართა

15/09/2017

ბათუმში, სასტუმრო “SHERATON” -ში, საქართველოს II საერთაშორისო კონფერენცია ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში „ჯეოანესთეზია 2017“ გაიმართა. აჭარის მთავრობის პატრონაჟით გამართული კონფერენცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა.
“ჯეოანესთეზია 2017” მასპინძლობს საერთაშორისო სპიკერებს 20 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის არიან აშშ, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი საფრანგეთი, საქართველო, რუსეთი, გერმანია, უკრაინა და ა.შ. დაგეგმილია 50-მდე მოხსენება, ინდივიდუალური მოდულები რეზიდენტებისათვის და ახალგაზრდა ექიმებისთვის, ასევე ჩატარდება ინდივიდუალური სესიები მედდებისთვის. კონფერენციის პროგრამაში შედის გერმანელი და ფრანგი სპეციალისტების მიერ ორგანიზებული რამოდენიმე ვორქშოპი.
აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანი და საინტერესოა ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიის, გადაუდებელი მედიცინის, მეანობის, პულმონოლოგიის და სხვა სფეროებში მომუშავე ექიმებისა და მედდებისათვის. მათ ექნებათ სიახლეების გაზიარების, კონტაქტების დამყარების და ახალი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა. მსგავსი ფორუმები ხელს უწყობენ პროფესიულ განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის.
კონფერენცია ორგანიზებულია ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის მიერ, თანაორგანიზატორები არიან: საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონფერენცია “ჯეოანესთეზია 2017” 400-ზე მეტ დელეგატს მასპინძლობს და 3 დღის განმავლობაში გრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0