ბაღდათის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურმა ფერმერებს მორიგი აგრო-ტური მოუწყო

26/07/2017

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაღდათის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურმა ბაღდათელ ფერმერებს მორიგი აგრო-ტური მოუწყო. პირველი ობიექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტის აგროსერვისცენტრი იყო – გვარა-ხუცუბნის ტერიტორიაზე, ხეხილოვნებისა და ვაზის სადედე, საკოლექციო- სადემონსტრაციო სანერგეში 7 ათას ძირამდე ვაზისა და ხეხილის სხვადასხვა ჯიშებია გაადგილებული. კერძოდ, 25-მდე ვაზის ქართული და უცხოური სასუფრე-საღვინე ჯიშები, ასევე ვაშლის, მსხლის, ბლის, ატმის, მოცვის, ხურმის, აკტინიდიის, ფეიხოას, ქლიავის, ზეთისხილის. მოცვისა და კაკლის ნერგები. აღნიშნულ სანერგეში აკლიმატიზაციისა და ადაპტაციის პერიოდს გადიან ვაზის ისეთი სასუფრე ჯიშები, როგორებიცაა კარდინალი, კრიმსონ სიდლესი, დონ მარიანო, ალფონსო ლაველი, პრიმა, იტალია, დათიერი, ალედო, საბას მარგალიტი, ქართული საადრეო, სულთანიანი და სხვა. საღვინე ჯიშებიდან კი ჩხავერი, ცოლიკაური, ბათუმურა, ტაძიგურა, კლარჯული, ქაქუთურა, ციცქა, კრახუნა, ოჯალეში, ალექსანდროული, უსახელაური. თესლოვნებიდან მსხლის ისეთი ჯიშები, როგორიცაა კონფერენსიე, აბატი. ვაშლის ჯიშებიდან კი გოლდენ რაში, შამპანური რენეტი, ფლორინა, ფუჯი კიკუ, რუბინოლა. გალა შნიკა, ფორლეიდი, რეტკანი, ტოპაზი, კანდიტ სინაპი, სამერლენდი და სხვა. აგროსერვისცენტრის აგრონომმა როლანდ ჩხაიძემ ბაღდათელ ფერმერებს ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე ესაუბრა, სასათბურე და სანერგე მეურნეობები დაათვალიერებინე და ბოლოს ღვინის მარანშიც შეუძღვა.
ცენტრის მეზობლად, ახლახან გახსნილ აგრომარკეტში ბაღდათელმა ფერმერებმა იხილეს სხვადასხვა კომპანიების მიერ სარეალიზაციოდ წარმოდგენილი სოფლის მეურნეობისათვის საჭირო და ფერმერისთვის სასურველი ხარისხიანი საქონელი.
ვეტერინარულ კლინიკაში, რომელიც მასპინძელთა თქმით, ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და CARD ცენტრის დახმარებით გაიხსნა, სტუმრებმა აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახები დაათვალიერეს.
ხუცუბნის დეკორატიული მცენარეების მეურნეობაში სტუმრობით კი აგრო-ტურის ივლისის ეტაპი დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0