ბიძინას ჩართულობა გააძლიერებს ”ოცნებას”, მაგრამ ეს არ იქნება იმხელა ეფექტის მატარებელი, როგორც 2012 წელს

30/05/2016

ბიძინას ჩართულობა გარკვეულწილად გააძლიერებს ”ოცნებას”, მაგრამ ის არ იქნება იმხელა ეფექტის მატარებელი, როგორც 2012 წელს იყო, – ასე აფასებს თამაზ მეჭიაური საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.
მეჭიაური არ ეთანხმება ივანიშვილის მოსაზრებას საგარეო კურსთან დაკავშირებით.

„სურვილის მიუხედავად ვერ ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას საგარეო კურსთან დაკავშირებით. კიდევ უფრო მკვეთრად გამოხატავს თავის მხარდაჭერას ევროატლანტიკური კურსისადმი და ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ, თუმცა იქ მე ვერ ვნახე დასაბუთება ან ოპტიმიზმის საფუძველი. დანარჩენი, რა თქმა უნდა, წერილში საუბარი იყო მიღწევებზე ადამიანის უფლებების კუთხით, სიტყვის თავისუფლების, ჯანდაცვის მიმართულებით. სამუშაო ადგილებს რაც შეეხება, მინდა ვთქვა, რომ ნაწილობრივ სადღაც შემცირდა, სადღაც მეტი შეიქმნა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მთლიანობაში ამ კუთხით ვითარება მკვეთრად დადებითად შეიცვალა“, – განაცხადა მეჭიაურმა.

მისივე აზრით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან წინასაარჩევნო პროცესში გააქტიურების სურვილი გამოწვეულია იმ შედეგით, რომელიც მეორეხარისხოვან არჩევნებზე დაიდო, რაც, მეჭიაურის თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქტივში ნამდვილად ვერ ჩაეთვლება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციები რიგ კანდიდატურასთან დაკავშირებით ვერ გამართლდა, ამიტომ ”მხოლოდ მისი მხარდაჭერა ამა თუ იმ პიროვნებას არჩევნებში გამარჯვებაში ვერ დაეხმარება”.
მეჭიაური მედიისა და სასამართლო ხელისუფლების ნაწილში ექს-პრემიერს ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მედია ზომაზე მეტად თავისუფალია, რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, დეპუტატის თქმით, სისტემა ხელისუფლების ჩარევისგან თავისუფალია, მაგრამ არ არის თავისუფალი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის განხორციელებისგან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0