ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, 2017 წელი შეაჯამა

31/12/2017

მალე 2018 წელი შემობრძანდება და ვიდრე 2017 წელს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებს შევაჯამებთ, მინდა ბოლნისის მოსახლეობასა და სრულიად საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო. ახალ წელს ადამიანი ახალი იმედებითა და ახალი შემართებით ხვდება. დოვლათსა და ბარაქას ვუსურვებ თითოეული თქვენგანის ოჯახს!
2017 წელს თუ გადავავლებთ თვალს, შეიძლება ითქვას, რომ მუნიციპალიტეტისთვის წარმატებული და ნაყოფიერი წელი იყო განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით. განხორციელდა არაერთი მასშტაბური პროექტი, რომლებმაც მოსახლეობას უკეთესი ინფრასტრუქტურული გარემო შეუქმნა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დინამიკა მზარდია და ყოველწლიურად უფრო მეტი პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. 2017 წელს 7 136 922 ლარის ღირებულების 81 პროექტის განხორციელება შევძელით.
მინდა თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ შევაჯამო მსხვილი პროექტები.
ქალაქ ბოლნისში, ჩვენი ძალისხმევით, რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემების მშენებლობა განხორციელდა. მიწისქვეშა კომუნიკაციების გამართვა არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ სამომავლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შევძლოთ. პროექტების განხორციელებისას პრიორიტეტი ენიჭება ადგილობრივი კადრების დასაქმებას.
წელს ბოლნისის ისტორიულ უბანს ქვაფენილით მოპირკეთებული კიდევ ერთი ქუჩა შეემატა, სააკაძის ქუჩაზე ბოლნისის ბაზალტით ქვაფენილი 600 გრძივ მეტრზე დაიგო.
ქალაქის იერსახეზე ზრუნვას ვაგრძელებთ და წელსაც ტროტუარებისა და ჯებირის რეაბილიტაციის სამუშაოები განვახორციელეთ.
სულ ახლახან დასრულდა აღმაშენებლის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები. მოსახლეობასთან შეხვედრისას მათი თხოვნა იყო მინი სკვერის მოწყობა, სადაც პატარებს გართობის საშუალება ექნებოდათ. ჩვენ პროექტების დაგეგმვისას, პრიორიტეტის მიხედვით, ვითვალისწინებთ მათ შეხედულებებს.
სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა კვლავ რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტად.
მიმდინარე წელს ე.წ. ანდრეევკის დასახლებაში მდებარე მინი საფეხბურთო სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
სრულად აღდგა მაყურებლის ტრიბუნა, მოეწყო ახალი ხელოვნური ბალახის საფარი და შეიცვლა ლითონის შემოღობვაც. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად მე, როგორც მუნიციპალიტეტის მერს, მიმაჩნია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
სოციალურ მუნიციპალურ პროგრამას, რომელიც სხვადასხვა კატეგორიისთვის მრავალმხრივ დახმარებას გულისხმობს, ჩვენი ძალისხმევით, კიდევ ერთი მუხლი დავუმატეთ, რომელიც სტიქიის, ხანძრის და სხვა უბედური შემთხვევისას მიყენებული ზიანის აღსადგენად ერთჯერად მატერიალურ დახმარებას გულისხმობს. მატერიალური დახმარება საცხოვრებელი სახლის შესაკეთებლად ასევე გაეწევათ იმ ოჯახებს, რომლებიც უკიდურეს ეკონომიკურ გასაჭირში იმყოფებიან.
სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ ბოლო 2 წელიწადში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ამ პროგრამის ფარგლებში, 44 საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაფინანსდა, საერთო ღირებულებით 316 680 ლარი.

გარდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სახურავების გადახურვისა, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა კვლავ აგრძელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოებს. წელს დაბა კაზრეთსა და ბოლნისში რამდენიმე ასეთი ბინა გადაიხურა.
მუნიციპალიტეტი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გადახურვას გეგმის მიხედვით ახორციელებს და მომდევნო რამდენიმე წელში მუნიციპალიტეტში არცერთი კორპუსის სახურავი არ დარჩება რეაბილიტაციის გარეშე.

ბოლნისი მთელ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტია ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. წელს ბოლნისში მზის ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენება დავიწყეთ. მოეწყო ,,მზის ენერგო ფერმა“, რომელიც ელექტროენერგიით უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას.
პროექტი განხორციელდა ბოლნისის მიერ ევროკავშირის ,,მერთა შეთანხმებით“ აღებული ვალდებულებების ფარგლებში.

წელსვე სოფელ რაჭისუბანში ცენტრალური საავტომობილო გზის განათების მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში 1280 გრძივ მეტრზე მოეწყო გარე განათება 48 ლედ სანათით.
ახალი ქსელი ეფექტური განათების საშუალებას იძლევა, ასევე არის მომგებიანი ელექტროენერგიის ეკონომიური მოხმარების კუთხით, რომელიც 70 %-იან ეკონომიას იძლევა.
მიმდინარე წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
დაბა კაზრეთში მრავალი წლის მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდა.
განხორციელდა კომპანია ,,არემჯის“ მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის საფარის მშენებლობა.
1,100 მეტრის მონაკვეთზე მოეწყო 22 სმ-ის სისქის ბეტონის საფარის გზა, ტროტუარებითა და სანიაღვრეებით.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, საერთო ღირებულებით 700 000 ლარი.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი დაბის მცხოვრებლებისთვის, ვინაიდან ამორტიზებული გზის გამო ჰაერის დაბინძურების თემა წლების განმავლობაში აწუხებდათ ადგილობრივებს.
გარდა ამისა, კაზრეთში ამჟამადაც მიმდინარეობს ახალი ლიფტის შახტების მოწყობის სამუშაოები. ეს არის პროექტი, რომელიც განსაკუთრებულ კმაყოფილებას იწვევს მოსახლეობაში. რამდენიმე ათეული წელი მოსახლეობას ლიფტით სარგებლობის საშუალება არ ჰქონდა და სწორედ ჩვენი ძალისხმევით დავძარით პროექტი. კაზრეთში არსებული 68 შახტიდან უახლოეს პერიოდში 30-ის რეაბილიტაცია დასრულდება, დარჩენილი 38-ის მოწყობა კი მომდევნო წლებში განხორციელდება.
ლიფტების წარმოება ხდება ბელორუსში და არის საკმაოდ კომფორტული.
ახალი გზის საფარი დაიგო სოფლებში: აკაურთასა და მამხუტში. მამხუტში 3400 მეტრზე ბეტონის საფარო მოეწყო, განახლებული გზით 4 სოფლის მცხოვრებლები სარგებლობენ. სოფელ აკაურთაში ასფალტო- ბეტონის გზა 1, 100 გრძივი მეტრის მონაკვეთზე დაიგო.

გზების გარდა , მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებაში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაც მოხდა.
მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და ძალისმევით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა დაბა თამარისის მცხოვრებლებისთვის.
პროექტის ფარგლებში მოეწყო 5 კილომეტრიანი სიგრძის მთავარი დამწნეხი მილსადენი.
პროექტის განხორციელების შედეგად დაბა თამარისის მოსახლეობას საგრძნობლად გაუუმჯობესდება წყლის მიწოდების გრაფიკი და სასმელი წყლის ხარისხი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის სასმელი და საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდა იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით.
პროექტის გათვალისწინებით მოხდა სასმელი წყლის საწმენდი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ალტერნატიული საირიგაციო სისტემის მონტაჟი, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს ადგილობრივ მოსახლეობას სარწყავი წყლის უწყვეტი მომარაგებით. შესაძლებელი გახდება 240 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მორწყვა, რაც სარგებელს მოუტანს აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ რამდენიმე ათას ადამიანს.
ცალკე ხაზგასასმელია პროექტი, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არ განხორციელებულა და როგორც იტყვიან, საშვილიშვილო საქმე კეთდება. მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის განვითარების ბანკის დაფინანსებით, ქალაქ ბოლნისის სასმელი წყლის 2500 ტონიანი რეზერვუარის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამუშაოებს კომპანია ,,ჯავა” ასრულებს, პროექტის დასრულება 2018 წლის თებერვლის ბოლოსთვის იგეგმება.
ქალაქ ბოლნისში სულ 5 რეზერვუარია, მათგან 2-ის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.
პროექტის ფარგლებში ასევე აშენდა ახალი საქლორატორო ნაგებობა, რომელიც თანამედროვე ტიპის საქლორე მოწყობილობებით აღიჭურვება.
პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას საგრძნობლად გაუუმჯობესდება სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკი.
რამდენიმე სიტყვით მელიორაციის საკითხებსაც მინდა შევეხო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში კაზრეთის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
პირველ ეტაპზე მაგისტრალური არხის 4 კილომეტრამდე ფილტრაციული მონაკვეთი რკინა-ბეტონით მოპირკეთდება.
პროექტის სრულად განხორციელების შედეგად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 1045 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი. გაუმჯობესებული საირიგაციო მომსახურებით მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.
სამუშაოების I ეტაპი, რომლის ღირებულებაც 236 953 ლარს შეადგენს, უახლოეს მომავალში დასრულდება.
ეს გახლდათ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმოხილვა.

2017 წელს ბოლნისში ასევე წარმატებით განხორციელდა სოციალური პროგრამები.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლნისს აქვს მთელ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამართული სოციალური მუნიციპალური პროგრამა, რომელიც საზოგადოების ყველა ფენაზეა გათვლილი. პროგრამა უზრუნველყოფს: ონკოლოგიური ბენეფიციარების, სოციალურად დაუცველი, შშმ პირების, დევნილების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ვეტერანთა ოჯახების სამედიცინო დახმარებას და ა.შ, კატეგორიების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. წელს პროგრამის ფარგლებში 3773 ბენეფიციარს გავუწიეთ დახმარება. სოციალური მიმართულებით 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 844 000 ლარი დაიხარჯა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთია, რომელმაც წელს 205 წარმატებული სტუდენტის ყოველთვიური დაფინანსება შეძლო, სტუდენტების გარდა ფინანსდებიან წარმატებული სპორტსმენებიც.
მინდა გითხრათ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში გვაქვს 3 სოციალური საცხოვრისი, სადაც 58 ოჯახი უზრუნველყოფილია ბინითა და პირველადი საჭიროების ნივთებითა და ავეჯით. გარდა ამისა ყველა ოჯახს ყოველთვიურად უზრუნველვყოფთ ელექტრო ენერგიით და ბუნებრივი აირით უფასოდ,
მიმდინარე წელს საშეშე მერქნით უზრუნველყოფილი იქნება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 188 ოჯახი.
განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს შშმ პირების მიმართ, მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო, რომლის წევრები თავად შშმ პირებიც გახლავთ. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი პროგრამის შემუშავებაში და მაქსიმალურად გათვალისწინებულია ყველა მათი საჭიროება. პროგრამის ფარგლებში ხდება თითქმის ყველა კატეგორიის შშმ პირთა მატერიალური დახმარება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი იმ ხუთ მუნიციპალიტეტს შორის ერთ-ერთია, სადაც საქართველოს რეგიონებში მცხოვრები შშმ პირთა მშობლების გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის ხორციელდება პროექტი – „მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება“.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძალისხმევით ადაპტირებულია ავტობუსის ყველა გაჩერება, საბავშვო ბაღების ნაწილი. მალე დაემატება ლიფტები დაბა კაზრეთში, პირველ რიგში იმ სადარბაზოებში, სადაც შშმ პირები ცხოვრობენ. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მომავალში განხორციელდება შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნას ითვალისწინებს.
ასევე შემუშავებული გვაქვს შშმ პირთა დასაქმების პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს მათ დამოუკიდებელ ცხოვრებასა და საზოგადოებაში ინკლუზიას. ამ ეტაპზე დასაქმებულია 4 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს 24 საათიანი მომსახურებით სათნოების სახლი, სადაც განთავსებულია 15 მობინადრე. შინ მოვლის სერვისით სარგებლობს 30 ბენეფიციარი, ხანდაზმულთა დღის ცენტრი ქ. ბოლნისში (50 ბენეფიციარი), პროექტი „ღირსეული სიბერის“ ფარგლებში დაბა კაზრეთში ხანდაზმულთა დღის ცენტრის ფარგლებში გვყავს 130 ბენეფიციარი.
მუნიციპალიტეტი ასევე უზრუნველყოფს – 350 ბენეფიციარის უფასო კვებას.
ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა შესწავლილ იქნეს თითოეული ხანდაზმულის პრობლემა, რაც გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში.
ეს არის მოკლე ანალიზი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის.

რადგან წლის ბოლო, შემაჯამებელი ინტერვიუა, მინდა ძალიან მოკლედ კულტურასა და სპორტზეც გავამახვილო საზოგადოების ყურადღება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ორივე სფერო სათანადოდ მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი, მაგრამ გამოვარჩევდი წლის კულტურულ მოვლენას, რომელიც საქართველოში გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების 200 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ეს იყო მაღალ დონეზე ორგანიზებული, ფართომასშტაბიანი კულტურული აქტივობები, რომელმაც წარმოუდგენელი წარმატებით ჩაიარა. მსგავსი ღონისძიებები ქალაქ ბოლნისს არ ახსოვს, სწორედ ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი, ყოველი წლის ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას ,,ბოლნისქალაქობა“ აღინიშნოს.
წლევანდელი ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართული იყო გერმანიის საელჩო საქართველოში, რომელმაც ჩატარებული ღონისძიებები უმაღლეს დონეზე შეაფასა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას მადლობის წერილი გამოუგზავნა. სწორედ ხალხის კმაყოფილება და მაღალი რანგის დიპლომატის მიერ გამოთქმული მოსაზრებები გახლავთ შეფასების ყველაზე მაღალი ინდიკატორი.
რაც შეეხება სპორტს, სხვადასხვა სფეროში მიღწეულ წარმატებებთან ერთად, აღნიშვნის ღირსია საფეხბურთო კლუბ ,,სიონის“ წლევანდელი შედეგი.
ერთი წლის წინ სამწუხარო ფაქტი მოხდა კლუბის არსებობის ისტორიაში, 21 წლის შემდეგ ,,სიონმა“ უმაღლესი ლიგა დატოვა და ეროვნულ ლიგა 2-ში გადაინაცვლა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზუსტად ერთ წელიწადში კლუბი კვლავ ეროვნულ ლიგას დაუბრუნდებოდა, მაგრამ სწორი მენეჯმენტისა და ფეხბურთელთა თავდაუზოგავი მონდომების შედეგად კლუბმა ყველას დაანახა, რომ მთავარია იყო მოტივირებული და წარმატებაც არ დააყოვნებს. იმედი გვაქვს ,,სიონი“ თავის გულშემატკივარს კიდევ არაერთხელ გაახარებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მმართველობის პერიოდში ბოლნისში უამრავი რამ გაკეთდა, ვიცით, რომ ბევრი პრობლემაც არსებობს. ჩვენს გუნდს აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი 4 წლიანი სამოქმედო გეგმა , რომელიც ეტაპობრივად, რეალურად განხორციელებულ პროექტებში აისახება.
მჯერა, ერთად შევქმნით მომავლის მუნიციპალიტეტს!
კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ბედნიერება, სიკეთე და მშვიდობა დაგვბედებოდეს!

Tweet about this on TwitterShare on Facebook0