ბორჯომის მუნიციპალიტეტში მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის და მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

21/08/2023

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის და მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლები, ბაღის ტერიტორია დაიყო მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებად. გასართობ სივრცეებში საბავშვო მოედანი, ჭადრაკის მოედანი და ღია კინოთეატრი მოეწყო. ტერიტორია გალამაზდა შადრევნებით და დეკორატიული განათებებით. ფუნქციური ზონები ერთმანეთს დაუკავშირდა გრანიტის ქვაფენილით, რომელიც განათებულია ლამპიონებით. ტერიტორიაზე განთავსდა სკამები და სასმელი წყლის ბიუვეტები. კოსტავას სახელობის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის სავალი ნაწილი ქვაფენილით მოპირკეთდა, ფეხით სავალ ნაწილებზე გრანიტის ფილა მოწყო, ასევე მოეწყო პატარა სკვერი.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 4 200 000 ლარით დაფინანსდა. სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 4-წლიანია და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარს შეადგენს და რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას მოიცავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0