განვიხილეთ მიმდინარე, კონკრეტული პრობლემები და გადაჭრის გზებიც დაისახა იმისთვის, რომ ტვირთბრუნვა დაჩქარდეს

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და კონკურენტუნარიანობის ზრდა განიხილეს, დღეს, თბილისში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოგლუმ. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების ფონზე სულ უფრო იზრდება აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო-სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა. აღნიშნული დერეფანი აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი მარშრუტი ხდება.

„შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს დერეფნის კონკურენტუნარიანობას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაშიც. განვიხილეთ მიმდინარე, კონკრეტული პრობლემები და გადაჭრის გზებიც დაისახა იმისთვის, რომ ტვირთბრუნვა დაჩქარდეს. ეს საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მეტი ტვირთი გადავზიდოთ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ინფრასტრუქტურის გამოყენებით და საბოლოოდ, შევქმნათ არსებული სატრანზიტო-სატრანსპორტო მარშრუტების რეალური ალტერნატივა“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

სამმხრივი შეხვედრის მნიშვნელობაზე და შუა დერეფნის მიმართ გაზრდილ საერთაშორისო ინტერესზე საუბრობენ თურქეთის და აზერბაიჯანის მინისტრებიც. როგორც მათ აღნიშნეს, დღეს მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. შუა დერეფნის და უწყვეტი სატრანსპორტო დერეფნის განვითარება ჩინეთიდან ლონდონამდე.

Visited 44 times, 1 visit(s) today