„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში სკრინინგი ჩატარდა

20/07/2017

„განიკურნე!“- ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანიის ფარგლებში, C ჰეპატიტზე სკრინინგი პროფესიულ საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბის წევრებს და გუნდის სხვა პერსონალს ჩაუტარდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა სწრაფი მარტივი ტესტის საშუალებით სკრინინგი მცხეთაში სტადიონზე ჩაატარეს და ყველა დაინტერესებულ პირს ინფორმაცია ორგანიზმში ვირუსის არსებობის შესახებ ტესტის გაკეთებიდან 15 წუთში მიაწოდეს. #განიკურნე – ახალი კამპანიის მიზანია, ერთად გამოვავლინოთ C ჰეპატიტი ყველა იმ ადამიანში, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია. C ჰეპატიტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით ქვეყანაში 150 000 (18 წელს ზემოთ) ადამიანია C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული, მათმა უმრავლესობამ კი არ იცის რომ ვირუსი მატარებელია. სწორედ ამიტომ, დაავადების დროულად გამოსავლენად, აუცილებელია სკრინინგი. საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც, ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის სამკურნალო, ძვირადღირებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემა. სკრინინგული კვლევები მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებსა და C ჰეპატიტის მართვის ცენტრებში მიმდინარეობს. ამ დრომდე C ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში 41.000-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული, მათგან 30.000-ზე მეტმა კი, მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს. ეს არის უნიკალური შანსი, რომელმაც უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0