გვჭირდება დამატებითი დახმარება შერიგებისა და ნდობის მშენებლობის მიმართულებით

18/10/2017

“ჩვენ დამატებით გვიშენებენ კედლებს, ბარიერებს, დაბრკოლებებს და ძალისხმევის გაორმაგება გვჭირდება, რათა ამის მიუხედავად ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტის შესაძლებლობა მივცეთ,“ – ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.
შეხვედრაზე, რომლის მიზანიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარების პროცესის მიმდინარეობის, ხელისუფლების ხედვისა და მოქმედების ეფექტიანობის ანალიზი იყო, გაიმართა ორმხრივი დისკუსია კონფლიქტის მოგვარების და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის თემაზე.
„დღეს განვიხილავთ საქათველოს სამშვიდობო პოლიტიკას, ჩართულობისა და შერიგების სტრატეგიას. არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას სახალხო დიპლომატიაში განსაკუთრებული როლი აქვს. დღეს ვისაუბრებთ იმ პროექტებზე, რომელიც დღემდე განხორციელდა და ასევე სამომავლო გეგმებზეც“. – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სადისკუსიო თემებს შორის იყო საკითხები – რა შინაარს დებს საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტების მოსაგვარებლად დეკლარირებულ სამშვიდობო კურსში, რა გეგმას მოიცავს იგი და რამდენად წარმატებულად ხორციელდება ეს გეგმა.
საუბარი ასევე შეეხო იმას, თუ რამდენად აქტიურად და წარმატებულად მუშაობს ხელისუფლება მოსახლეობასთან ამ კურსის მხარდასაჭერად და შესაბამისი გეგმის განსახორციელებლად.
სახელმწიფო მინისტრმა ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. მისი თქმით, მათ გარეშე ძალისხმევა წარმატებული ვერ იქნება.
„გარდა იმისა, რომ მადლიერები ვართ, რადგან არაღიარების პოლიტიკა შეუქცევადი და მყარია, აუცილებლად გვჭირდება დამატებითი დახმარება შერიგებისა და ნდობის მშენებლობის მიმართულებით, რადგან დღეს ჩვენ გვიშენებენ კედლებს, ბარიერებს, დაბრკოლებებს და ძალისხმევის გაორმაგება გვჭირდება, რათა ამის მიუხედავად ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტის შესაძლებლობა მივცეთ,“ – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ახალი ამბების სააგენტო accent.com.ge-ს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0