გიორგი ალიბეგაშვილი თბილისის მერიაში ენერგოეფექტურობისა და ელექტრომობილების გამოფენის გახსნას დაესწრო

23/06/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დედაქალაქის მერიაში ენერგოეფექტურობისა და ელექტრომობილების გამოფენის გახსნას დაესწრო.
ღონისძიებაზე, რომელიც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ გახსნა, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით გიორგი ალიბეგაშვილმა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმაც მიმართეს.
გამოფენაზე, რომელიც მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში მოეწყო, ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, ელექტრომობილები , ენერგოდამზოგავი მოწყობილობები, სამშენებლო მასალები და ალტერნატიული ენერგიის წყაროები იყო წარმოდგენილი.
მდგრადი ენერგეტიკის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 19-25 ივნისს ევროპის მასშტაბით იმართება, მასში თბილისი ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას და მისი
მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება, წახალისება და განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პოპულარიზაციაში ჩართვაა.
„მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2017“ მერების შეთანხმების ფარგლებში იმართება და თბილისი მას 2010 წლიდან შეუერთდა.
შეთანხმება ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივაა და ის ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს აერთიანებს.
შეთანხმების ხელმომწერნი მიზნად 2020 წლისთვის CO2-ის ემისიები მინიმუმ 20%-ით შემცირებას ისახავს, რაც მწვანე ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.
ღონისძიებას მერების შეთანხმების კოორდინატორი გიორგი აბულაშვილი, თბილისი მერიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0