გულიკო ზუმბაძემ პირველადი ჯანდაცვის სერვისის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა

14/09/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც მისივე სამაჟორიტარო ოლქში პირველადი ჯანდაცვის სერვისის ხელმისაწვდომობის თაობაზე ისაუბრა.
გულიკო ზუმბაძის თქმით, ვარკეთილის მეურნეობის, ორხევის, წინუბნის, ნასაგურისა და დიდი ლილოს მოსახლეობა პირველადი ჯანდაცვის სერვისის გარეშეა დარჩენილი.
საკრებულოს წევრმა ბრიფინგზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის მიერ ამ მიმართულებით 2014 წლიდან დღემდე გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და დედაქალაქის მერიას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდა.
„პირველადი ჯანდაცვის სერვისის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დედაქალაქის მერიას კონკრეტული წინადადებებით არაერთხელ მივმართეთ. მასთანავე, მათ აღნიშნულ დასახლებებში არსებული იმ შენობათა ჩამონათვალიც მივაწოდეთ, სადაც ერთ დროს პოლიკლინიკები ფუნქციონირებდა. ვარკეთილის მეურნეობის, ორხევის, წინუბნის, ნასაგურისა და დიდი ლილოს მოსახლეობა ამჟამად გადამისამართებულია სხვა, მოშორებით მდებარე პოლიკლინიკებში, რაც მათთვის პირველადი სასწრაფო სამედინიცინო კონსულტაციის მიღებას ვერ უზრუნველყოფს“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და დედაქალაქის მერიას პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნისკენ და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0