გურჯაანში, საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები მთელი საქართველოდან და ევროპის შვიდი ქვეყნიდან. ფორუმის მონაწილე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს – კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, პარლამენტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლერი გელენავამ. ჟიურიმ საუკეთესო ქართველ სპიკერად დეა ვეფხვაძე დაასახელა. საუკეთესო ევროპელი სპიკერი კი ლიეტუვას წარმომადგენელი – აუსტეია მიკნევიჩიუტე გახდა. პროექტი პარლამენტის წევრის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით წელს პირველად გაიმართა და მას ყოველწლიური სახე მიეცემა. ფორუმის მიზანია ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა, ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების დაახლოება და გამოცდილების გაზიარება.