დაბა თამარისის მაცხოვრებლები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდნენ

31/01/2017

დაბა თამარისის მეცამეტე და მეთხუთმეტე ბინის მაცხოვრებლები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდნენ. დავით შერაზადიშვილს ადგილობრივებმა მათ კორპუსებში არსებული პრობლემის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მათი განმარტებით, რამდენიმე თვეა სასმელი წყლისა და კანალიზაციის პრობლემა აწუხებთ. დღეს კი აღნიშნული საკითხის მოგვარება მუნიციპალიტეტის გამგებელს სთხოვეს. დავით შერაზადიშვილმა მათი პრობლემები ბოლნისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელთან და გაერთიანებული წყალმომარაგების ბოლნისის სერვისცენტრის ტექნიკურ უფროსთან ერთად მოისმინა. მიუხედავად იმისა, რომ კორპუსებში სასმელი წყლის შიდა ქსელი მთლიანად შეიცვალა, ამ ორი კორპუსის მცხოვრებლებს ისევ ძველი ამორტიზირებული სისტემით უწევთ სარგებლობა. ისინი ახალ ქსელზე დაერთებისთვის დახმარებას ითხოვენ. მეცამეტე და მეთხუთმეტე ბინის მცხოვრებლებს კანალიზაციის პრობლემაც აწუხებთ. მოძველებულია სისტემა, რის გამოც სარდაფები წყლით ივსება. დაბის მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას მუნიციპალიტეტის გამგებელი დაჰპირდა. ადგილზე მოხდება მდგომარეობის შესწავლა, რის შემდეგაც, პრობლემის საბოლოოდ მოგვარებამდე მოხდება პროექტის შესყიდვა, რასაც კონკრეტული სამუშაოები მოჰყვება.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე ადგილობრივ მაცხოვრებლებს დაბა თამარიში წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტზეც მიაწოდა ინფორმაცია. დაბა თამარისის მოსახლეობას აღარ შეაწუხებს სასმელი წყლის დებეტის სიმცირე, რადგან ადგილობრივი ბიუჯეტით დაბისთვის ახალი 5 კილომეტრიანი სასმელი წყლის მაგისტრალის გაყვანა განხორციელდება, რაც საბოლოოდ მოაგვარებს დასახლებაში სასმელი წყლის საკითხს.
,,დღეს შევხვდით დაბა თამარისის მოსახლეობის წარმომადგენლებს. დასახლების 2 კორპუსს აქვს სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემებთან დაკავშირებული პრობლემები. მოგახსენებთ, რომ მათი რებილიტაცია წლევანდელი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს. მოსახლეობას აღუთქვით დახმარება. ასევე ვისაუბვრეთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც მოსახლეობას აწუხებსდა ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში ყველა ამ საკითხს ეტაპობრივად მოვაგვარებთ. აქვე გეტყვით, რომ წელსვე იგეგმება ახალი 5 კილომეტრიანი სასმელი წყლის მაგისტრალის გაყვანა დაბა თამარისისთვის და ჩვენი გათვლებით ზაფხულის სეზონზე სასმელი წყლის საკითხი თამარისისთვს საბოლოოდ მოგვარდება“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0