დავით ჯალაღანია ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

24/11/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 26-ე წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
დავით ჯალაღანიამ ყაზახეთის მთავრობასა და ყაზახ ხალხს მიულოცა ეროვნული დღესასწაული და წარმატება და სტაბილურობა უსურვა.
მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე. დავით ჯალაღანიამ ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. მინისტრის მოადგილის განცხადებით 2017 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 63 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო საქართველო სულ უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება ხდება ყაზახეთის მოქალაქეთათვის.
დავით ჯალაღანიამ ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე, მან განსაკუთრებით გამოჰყო ა.წ. ივნისში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში, რა დროსაც პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო უმსხვილესი საერთაშორისო სპეციალიზებული გამოფენა „ასტანა ექსპო 2017“-ის ფარგლებში საქართველოს პავილიონის საზეიმო გახსნის ღონისძიებაში.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საქართველოში ყაზახეთის ელჩს ერმუხამეტ ერტისბაევს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების და განვითარების საქმეში. ერმუხამეტ ერტისბაევი საქართველოში მოღვაწეობას ასრულებს, დავით ჯალაღანიამ მას წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0